Sunday, March 27, 2011

BE NEXT, ანუ ვინ იქნება შემდეგი

ცოტა არ იყოს მომენატრეთ. ახლა, როცა ამ პოსტს ვწერ ისე მიხარია ვერც კი წარმოიდგენთ. რატომ? - იმიტომ, რომ ბევრი ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის.


დავიწყოთ იმით, რომ 25 მარტს სასტუმრო საქართველოში ჯიჯიმ თავისი ”ფარაჯანოვი” გაიმეორა. ასეთი კულტურული ეთნო fashion რა ხანია არ მინახავს. მართალია იურა მეჩიტოვმა ამ პროექტის გამო ჯიჯი გამოლანძღა და ახლაც, 2 დღის წინ სიმონიკო მაჩაბელმა თქვა, რომ ძალიან ზედაპირული ნამუშევარიაო - მე მაინც მგონია, რომ ჯიჯიმ საეტაპო პროექტი შეასრულა. ამის ერთ-ერთი დადასტურება ისიცაა, რომ გასულ ოქტომბერში, როდესაც ჯიჯიმ პირველად აჩვენა ”ფარაჯანოვი” ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველმა კოსტიუმერმა უტა (პაატა) ბექაიამ ბრძანა, რომ ეს პროექტი რომ ნიუ-იორკში რომ ჩამოიტანო ერთ დღეში გაიყიდებაო. 




ბევრი ხალხი მოვიდა, უბრალოდ, დაგვიანებით. ბედის ირონიაა თუ რა არ ვიცი, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც ჯიჯი მზად იყო დანიშნულ დროს დაეწყო გამოფენა (რაც მას ასე არ ახასიათებს), მაგრამ ხალხი არ ჩანდა (იცოდნენ რა, რომ ჯიჯი, როგორც წესი გვიან იწყებს ხოლმე). დაგვიანებით, მაგრამ მოვიდა რაღა თქმა უნდა ყველა. 




ჯიჯი ამ ფაქტით, როგორც ხედავთ ძალიან კმაყოფილი ჩანდა. ამ ფოტოზე ზურგით მდგარი ლამაზმანი ნია გრძელიძეა, რომელიც პროექტის მუზად და ერთადერთ მოდელად მოგვევლინა.


კიევიდან დაბრუნებული (უკვე მეუხერხულება ამის დაწერა) ბიჭოლა და ანუკიც მოვიდნენ. ვეცადე გამერკვია რა გამოხმაურება მოჰყვა მათ ჩვენებას კიევში, თუმცა, იმის გარდა, რომ ”კაზაკებს” მაგარი პერსპექტივა აქვთ და რომ ბიჭოლა მათ დაუპადრუგდა ვერაფერიც ვერ გავიგე. 






ანუკი, როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი იყო (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფაქტიურად იტალიის დროშაში ჩაცმული მოვიდა).


მოკლედ, არაფერი ახალი, მაგრამ გამოფენამ საინტერესოდ ჩაიარა. საინტერესოდ იმიტომ, რომ ბევრი ამბავი შევიტყვე იმაზე, თუ რა მოხდებოდა მომდევნო დღეს სასტუმრო საქართველოში ჯერარგახსნილ კლუბ etage-ში (რომელიც 15 აპრილს ოფიციალურად გაიხსნება). 




მოკლედ, გუშინდელი დღეც გათენდა. BE NEXT, ანუ კონკურსი, რომელიც ემსახურებოდა ახალგაზრდა და ნიჭიერი დიზაინერების გამოვლენას. სოფიკო ჭყონია (სხვათაშორის პასპორტშიც სოფიკო უწერია) მოგვესალმა და ჟიური წარმოგვიდგინა:
 თავმჯდომარე დონალდ პოტარდი, რომელმაც თავის დროზე ჟან პოლ გოტიე აღმოაჩინა
წევრები: 
ლეგენდარული ზულეიკა, რომელიც მრავალთა მუზა გახდა, მათ შორის ფრანგი ფოტოგრაფიული დუო პიერ და ჟილისაც.
მარანგონის მოდის სკოლის წარმომადგენელი დიანა მიურეკი
პოლი ლოჰანა, რომელიც ახალგაზრდა დიზაინერების აღმოჩენითაა დაკავებული
ქართველთაგან ჟიურიში იყვნენ ჟურნალ ამარტას გამომგცემელი ირინა ყაჭეიშვილი, Be Next-ის ფონდის დირექტორი მარინა გუნია და მხატვარი გოგი ალექსი-მესხიშვილი. 


ჟიურიმ ჩვენებამდე რაღა თქმა უნდა იცოდა გამარჯვებულთა ვინაობა. ეს იქიდანაც ჩანდა, რომ რამდენიმე მონაწილის ჩვენებისას თავმჯდომარე საკუთარი კამერით იღებდა ვიდეოს. დანარჩენი კონკურსანტების დროს კი მას უბრალოდ ეძინა. 








რამაც ამ კონკურსზე გამაღიზიანა იყო ის, რომ ჩვენება, რომელზეც 22 ახალბედა დიზაინერისთვის უნდა გაგვეძლო 1 საათის დაგვიანებით დაიწყო. მეორე, რამაც არანაკლებად გამაღიზიანა - იყო სტუმრების განთავსების წესი. დიზაინერები, მოქმედნი თუ არაფრისმაქნისები მე-3 რიგში ისხდნენ. პირველ რიგში კი (ეიჯიზმში და სნობიზმში ნუ დამადანაშაულებთ) დინოზავრების ყველა საყვარელი ბებო იჯდა. ძალიან ბევრი დააკლო პირველმა რიგმა ზოგადად კონკურსის გამართვაზე შთაბეჭდილებას. აბა თავად განსაჯეთ საპირველრიგოდ ჩაცმული ირმა შარიქაძე და ია კიწმარიშვილი როგორ ვარდებიან საერთო ხედიდან (საერთო ხედი იხილეთ მათ მარცხნივ)





ახლა რაც მომეწონა:
პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი ჯიჯის ახალი ”კანიოკით”. ანუ მან ყველა დიზაინერის ნამუშევარი გადაიღო და მშვენივრად დაასინთეზა ვიდეო stop motion-ის ეფექტით. ამის ერთი მაგალითია ლაშა მდინარაძის ვიდეო:

(რატომღაც ინსერტით ვერ პოულობს, ამიტომ ლინკს დავაგდებ)

http://www.youtube.com/user/BENEXTcontest#p/a/u/1/4Uzata_hNIA

რაც შეეხება კონკურსანტებს. ამ ვიდეოდანაც ჩანს, რომ ლაშა მდინარაძის მიერ ნაჩვენები ნამუშევრები ძალიან მომეწონა. გარდა ამისა მომეწონა გოლას (გიორგი ზუმბულიძე), ბუცას (სოფო ივამიძე), დავით ციკოლიას და თეო გარდაფხაძის (Informal). 

სამარცხვინო რა იყო? ანუკა ქებურია. მართლა სამარცხვინო იყო. თან რატომ გადაწყვიტეს, რომ სპეციალური პრიზი დაეწესენინათ აქსესუარებისთვის და ისიც ქებურიასთვის მიეცათ ვერ მივხვდი. კიდევ ერთი საპატიო პრიზი დააწესეს ”იმედის მომცემი ტალანტი” (რომელიც სოფო ჭყონიამ ”დამაიმედებლად” თარგმნა :-))
ეს უკანასკნელი კი ძალიან ახალგაზრდა George J B-მ მიიღო. ის და ციკოლია კონკურს «Русский Силуэт»-ზეც გაემგზავრებიან ჩვენი ერთმორწმუნე მეზობლის დედაქალაქში. 
რაც შეეხება პრიზიორებს. მე-3 საპატიო ადგილი ქეთევან ჯოლოხაძემ დაიკავა (აღარც კი მახსოვს რომელი კოლექციით). მე-2 ადგილი დამსახურებულად მისცეს ლაშა მდინარაძეს, რომელიც მოდის სახლ ”მატერიას” წარმოადგენდა. აი პირველი ადგილი კი ვერავინ მიხვდა რატომ მაგრამ ლიკა ყუბანეიშვილმა აიღო აი ამის გაკეთებისთვის:





ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ჟიურის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. როგორც ახსნეს იმიტომ მისცეს პირველი ადგილი, რომ თვითონ, საკუთარი პაწაწუნა ხელებით შექმნა ყველაფერიო. რა ვიცი, რა ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს გოგო მარანგონში გაივლის საზაფხულო კურსს. აი დანარჩენ ორ პრიზიორს კი სტაჟირება ელის პარიზში რომელიმე მოდის სახლში. თუ სად, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი. 

 George J B იგივე გიორგი გებისაშვილი (?) ცრემლად დაიღვარა, როდესაც ჟიურის თავმჯდომარემ პირადად მიულოცა წარმატებული დებიუტი და უთხრა, რომ მას მშვენიერი იუმორის გრძნობა აქვს, რაც მოდაში მნიშვნელოვანიაო (ის ალბათ მის თავზე მოკალათებულ აზღუდს გულისხმობდა). 







გულდაწყვეტილები ჩანდნენ გოლა და თამუნა კოპალიანი A.K.A პეპელა, რომელთაც ვერაფერი აიღეს. თუმცა, მათი გულისდაწყვეტა ხსენებადაც კი არ ღირს იმასთან, რაც შაკო ნიკვამ განიცადა - ის უბრალოდ ცხარე ცრემლით ტიროდა. ის თბილისის პირველი მოდის კვირეულის ახალგაზრდა დიზაინერების კონკურსის გამარჯვებული იყო. მას ფულს დიდ ხანს არ აძლევდნენ და მერე რაღაც მისცეს. ამ ფულით შეკერილი კოლექცია კი კონკურენტ - საქართველოს მოდის კვირეულზე გაიტანა. ნამდვილად არ იყო წინდახედული ნაბიჯი, ვინაიდან, როგორც გუშინ შევიტყვე მაკა მეტრეველი სამზარეულოს უბრუბდება და სულ რამდენიმე დღეში გასამართი კვირეულიც უკანასკნელი იქნებაო. 

აი ასე, რა საჭიროა ეს ორი სათაური (თუ კვირეული), თბილისის მოდის კვირეულმა გაიმარჯვა დაძაბულ ბრძოლაში (როგორც მოსალოდნელი იყო). ერთი სული მაქვს როდის დაგიწერთ საქართველოს ბოლო მოდის კვირეულზე. მანამდე კი გეტყვით, რომ 2-3 სახელის გარდა ვინ არის ეს ხალხი დიზაინერებად რომ ჩაუწერიათ წარმოდგენა არ მაქვს. 

ვგონებ BE NEXT-ზე გაცილებით მეტი შემდგარი დიზაინერი გამოდიოდა. დროებით გემშვიდობებით მათი ჯგუფური ფოტოთი.

 
   

 

Wednesday, March 23, 2011

Bicholla by Anouki თუ Anouki Bicholla?

როგორც ჩვენი ვარაუდი გამართლდა ბიჭოლამ მართლაც გამოიტანა კოლოექცია უკრაინულ მოდის კვირეულზე. თუმცა, ის კიევში მარტო არ ჩასულა. 17 მარტის განრიგში მისი ჩვენება შემდეგი სახელით იყო დაანონსებული: Anouki Bicholla (Georgia). 

უნებურად, გასულ დეკემბერს სასტუმრო რედისონში გამართული მათი ერთობლივი ჩვენება გამახსენდა: Bicholla by Anouki. აქ, ახლადშექმნილმა ტანდემმა მაისურები აჩვენა. ჩვენება, გარდა იმისა, რომ მან ქართული მოდის განვითარებას ბევრი ვერაფერი შესძინა, იმით დაგვამახსოვრდა, რომ მე-20 საუკუნის ყველაზე საზარელი პერსონის - ადოლფ ჰიტლერის სახის ტირაჟირება გააკეთა მაისურებზე პოპ-არტში შესრულებული პრინტებით. კიდევ უფრო საზარელი იყო ქართული ბომონდის კომენტარები. არც ერთს არ მოსვლია აზრად, რომ მათი ეს არჩევანი დაეგმო. არავის უთქვამს, რომ ეს აღარ არის გატყავებული ცხოველებით შემნილი, არამედ გაზის კამერებში გაჟლეტილი ადამიანების მოდაა. დიზაინერები არც მალავდნენ ამ განზრახვას საუბრობდნენ რა ქვედა ბოლოებისა და ჩექმების შექმნისას ნაცისტური გერმანიით ინსპირაციის შესახებ. 


შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ჯონ გალიანოს ცნობილი ანტისემიტური კომენტარის წინასწარმეტყველება მოახერხეს ანუკიმ და ბიჭოლამ? არა მგონია. მოდით ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ და გაუნათლებლობას დავაბრალოთ. 


რაც შეეხება კიევს, როგორც ჩანს ანუკი არეშიძეს მართლაც მოეწონა დიზაინერობა და მას შემდეგ რაც ბიჭოლასთან ერთად დალაშქრა პარიზის მოდის კვირეული, კიდევ ერთი ჩვენების გაკეთება გადაწყვიტა. ამჯერად საქმეს კალაძეები სერიოზულად მოკიდნენ. ბრენდის სახელი შეიცვალა: Anouki Bicholla (და გვაპატიონ თეთრაძეებმა). ჩვენების გახსნა ჯგუფ ”კაზაკების” პერფორმანსით და მათი მუსიკალური თანხლებით გაიმართა და after party ბუდა ბარში კიევში მცხოვრები ქართველი და სომეხი ინტელიგენციის თავშეყრის ადგილად იქცა (რამეთუ სხვები სხვა ფართიზე იყვნენ). კალაძეების ხელი იმაშიც ჩანდა, რომ ანუკის რეგალიებში ყველგან ფიგურირებდა: ”დიზაინერი, ფეხბურთელ კახი კალაძის მეუღლე”. დასანანია, რომ ბიჭოლამ ვერც ეს შანსი გამოიყენა, რადგან ის ყურადღების მიღმა დარჩა.

რაც შეეხება კოლექციას: არ ვიცი, ცოტა დაბნეული ვარ. ნარინჯისფერ ყავისფერი შიფონი და  უხეშად ნაქსოვი სვიტერები. დანარჩენი კი ბიჭოლას ჩვეულ სტილში იყო: უხეშად დამუშავებული ნიუპრინისმაგვარად ყალყზე შემდგარი შალის და ტყავის ფაქტურები, რომელიც მოდით ვაღიაროთ და არც კარგად იყო შეკერილი და არც მთლად კარგად გამოიყურებოდა პოდიუმზე. ჩემი მოკრძალებული აზრით მათ ამ კოლექციის დასრულება უბრალოდ ვერ მოახერხეს. (ბოლოს პაჩკები რომ დავინახე კინაღამ სახეზე გამომაყარა)

ჩვენების ჰაილათად კი ”კაზაკების” ტრავესტი წარმოდგენა და კოლექციის კულმინაცია შავი ტყავის კაბა და მოდელის თავზე დამონტაჟებული წიულ-სვაროვსკის კონსტრუქცია იქცა. ეს ნამდვილად არ იყო საქორწინო კაბა, რაზეც ისიც მიგვანიშნებდა, რომ ”კაზაკების” მუსიკა არა მენდელსონით შეიცვალა, არამედ უფრო რექვიემისკენ წავიდა. 

თუ არ ჩავთვლით იმას, რომ შარშანდელი გირების სახელურის მსგავსი ვარცხნილობა კვლავ გამოიყენეს, ერთმა მოდელმა ფაქტიურად მოწმინდა პოდიუმი და ”პაკლონზე” გამოსულმა ანუკიმ არამარტო ბიჭოლა, არამედ მთელი კოლექცია დაჩრდილა პრადაში და ლობუტენებში შეგვიძლია ვთქვათ, რომ დებიუტმა ცუდად არ ჩაიარა. ნუ, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ ისინი დამწყები დიზაინერების სექციაში გამოდიოდნენ სახელად fresh fashion.


 

Wednesday, March 9, 2011

ნარმა მიტკალი, რა გინდა მითხარი

ალბათ ყველას ახსოვს ეს გათვლა - ნემსები, მახათები, პაპიროსის ქაღალდები და ა.შ. ჩვენი ბავშვობის ეს აბსურდული ტექსტი მშვენივრად აღწერს ანზორ თეთრაძის A.K.A. ბიჭოლას შემოქმედებას ქართულ პოდიუმზე. ბიჭოლას დიდი ბრძოლა დასჭირდა იმისათვის, რომ პირველი ჩვენება გაეკეთებინა 2009 წლის ზაფხულში. ვფიქრობ, ძალიან გაუმართლა, რადგან ამ შოუს სტაილინგი გრეგორი რეჯინიმ გააკეთა და მთელი თავისი გუნდი ჩართო დეფილეს მომზადებაში. ბიჭოლამაც ივაჟკაცა და ჩემი აზრით მის შემდგომ კოლექციებზე ბევრად უკეთესი უნისექს კოლექცია წარმადგინა. როგორი იმედისმომცემი დებიუტი იყო. მაშინ ის ჯერ არც ბრიტანეთში სწავლობდა (?) ტანსაცმლის დიაზინს (?) და არც ეპატაჟზე მონადირე თიკო სადუნიშვილის ობიექტივი არსებობდა, რომ მისი ექსცენტრულობა ჯეროვნად წარმოეჩინა. იყო მხოლოდ პოდიუმი სასტუმრო ”კრუიზის” ”გემბანზე” და ქარი, რომელიც ბუნებრივ ეფექტად იქცა თმაში ჩამაგრებული VHS-ის ფირის ასაფრიალებლად. მაგრამ, როგორც ამბობენ ”ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო”. არ ვიცი რამ იმოქმედა შემოქმედზე ასე - იმან, რომ თიკა ჯამბურიას საქორწინო კაბა შეაკერინეს, რომ ანუკი არეშიძემ და კახი კალაძემ მილანის მოდის კვირეულზე დაპატიჟეს თუ იმან, რომ იბიცაზე დაისვენა განვადებით, მაგრამ ფაქტია, რომ მას მერე მისგან ეპატაჟის მეტი აღარაფერი გვიხილავს.


დიზაინერმა საქართველოს მოდის პირველ კვირეულზე მამაკაცის კოლექცია წარმოადგინა. ძალიან ეფექტური შოუც იყო და ბევრი დორბლიც ვღვარეთ მოდელ ბიჭებზე, მაგრამ, ნათქვამია, ნიუპრინისგან შეკერილი ტანსაცმლით შორს ვერ წახვალო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ასეც მოხდა.

შემდეგი საეტაპო ნამუშევარი ბალიშები იყო. ვერ ვიტყვით, რომ ბალიში ბიჭოლამდე არავის გაუკეთებია. ვერც იმას ვიტყვი, რომ შესრულება იყო უნაკლო, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი აბადოკი გაყიდა და მეორე კოლექციაშიც იგივე თემა ინერციით გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება ფართოდ გაშუქდა, კალაძე და არეშიძე ესწრებოდნენ და თვით თიკო სადუნიშვილმა დახურა ბალიშების მოსასხამში, ცხადი გახდა, რომ დიზაინერი კრიზისშია. ამას ისიც დაერთო, რომ გაზეთმა ”პრაიმტაიმმა” პატარა სკანდალი ამოქექა მის მიერ ქაღალდის გემების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მან ეს იდეა დათუნა სულიკაშვილს მოპარაო (ნეტა რა მოსაპარი იდეაც ეგ იყო :-)). დიახ დიზაინერი მართლაც კრიზისში დაიჭირეს.


ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაღრმავდა საქართველოს მოდის შემდეგ კვირეულზე მის მიერ გამოტანილი კოლექციის ნახვისას. კოვზები! ღმერთო ჩემო. კოვზები და იაფფასიანი ტრიკოტაჟის კონსტრუქციის თავდაპირველი ჩანაფიქრის ამოუცნობი შესრულება!


ეს ის პერიოდია, როდესაც პატარა ქალაქში და მით უფრო პატარა მოდის სამყაროში  თავის ინერციით გატანა სულ უფრო ურთულდებოდა დიზაინერს. შესაბამისად,  მას შემდეგი კოლექცია დღემდე არ უჩვენებია.


ყველა ელოდა რას გააკეთებდა დიზაინერი მარტში დაგეგმილი კვირეულისთვის. თუმცა, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ბიჭოლა ადგილობრივ მოდის კვირეულზე აღარ აჩვენებს კოლექციას - ის კიევისთვის ემზადებაო. ვნახოთ იქნებ ავთანდილის მსგავსად კიევში მაინც აჩვენოს რამე საინტერესო თუ აქ ვერაფერს ახერხებს. რა იქნება კიევის ჩვენების თემა ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ შეიძლება მცირედი სპეკულციის მეშვეობით გამოვიცნოთ კიდეც:

ა. ნემსები
ბ. მახათები

გ. პაპიროსის ქაღალდები

Monday, March 7, 2011

აქ მოდა არის სპორტი …

ავტორი დოდო მური

(ქალბატონი დოდო, ჩვენი მუდმივი ავტორია, ისევე როგორც თქვენი მონა-მორჩილი)
თბილისში, სეზონზე ორი მოდის კვირეულის ჩატარების შესახებ ბევრი დაიწერა და ითქვა … ასევე ბევრი ითქვა ამ ორი მოდის კივრეულს შორის კონკურენციისა და დიზაინერებთან შეთანხმება - გარიგებების წარმოების შესახებ … ანუ, თუ ერთ ფეშენ ვიკის მონაწილე ხარ, მაშინ მოდის კვირეულის ორგანიზატორები ყველანაირად ცდილობენ მხოლოდ მათი “მონაპოვარი” იყო, და მეორეზე “ფრონტ როუზე” წინ არ გახვიდე … თუმცა, კონკურენციის პოზიტიური შედეგები ჯერ არ ჩანს … არც ერთი მოდის კვირეული ხარისხობრივად წინ არ წასულა … მიუხედავად ყველაფრისა, დასაწყისშივე გადავუხდი მადლობას ორივე მოდის კვირეულის ორგანიზატორებს, სულ არარაობას, ის მაინც გავიგეთ რომ საქართველოში არის უკვე აღმოჩენილი, რამდენინე პერსპექტიული ნიჭიიერი ახალგაზრდა დიზაინერი. იმის საშუელბაც მოგვეცა რომ გარდა იმ რამდენიმე, უკვე შემდგარი, მოდის კვირეულის გარეშეც რომ ვიცოდით მათი არსებობის შესახებ და მათი ნამუშევრებიც უკვე დიდი ხანია მოგვწონდა, ახალი დიზაინერების კოლექციებიც ვნახოთ ხოლმე თუ გაგვიმართლებს და მოსაწვევს მივიღებთ მათ შოუებზე … 

სანამ ყოველ სეზონზე ორ - ორი მოდის კვირეულის კრიტიკას შევუდგებოდი, დავფიქრდი საერთოდ რატომ ტარდება მოდის კვირეულები მსოვფლიოში, და უფრო ლოკალურად - საქართველოში … ლოგიკურია, რომ მოდის კვირეულის არსებობას, გარდა მაყურებლებისადმი მინიჭებული ესთეტიური სიამოვნებისა, მოდის ტენდენციების გაცნობისა და ცალკეული დიზაინერების შოუებით აღფრთოვანებისა, აქვს პრაქტიკული, კომერციული მნიშვნელობა … მოდის კვირეუებზე როგორც წესი ეპატიჯებიან ეგრეთ წოდებულ ბაიერებს, ანუ ადამიანებს რომლებიც ცალკეულ კოლექციებს სხვადასხვა მაღაზიებისა და შოურუმებისთვის ყიდულობენ. აგრეთვე არიან მოდის კრიტიკოსები, სხვადასხვა მოდური ჟურნალების წარმომადგენლები, რომელთა აზრს კოლექციის შესახებ შემდეგ უკვე კოლექციის წარმატება ან ჩავარდა მოსდევს …
თბილისში კი, ისევე როგორც ბევრი სხვა მოვლენა, მოდის კვირეულიც სპეციფიური დანიშნულების მქონეა … აქ ვეცნობით ქართველი დიზაინერების ნამუშევრებს, ტენდენციების კი რა მოგახსენოთ. ტენდენციები ჯერ ჯერობით არა აქ, არამედ თბილისიდან ცოტა მოშორებულ ქალაქებში ყალიბდება; კოლექციებიც ხშირ შემთხვევაში იგივეა რაც იმ, შორეულ ქალაქებსა და ქვეყნებში, ოღონდ ორ კვირაში შეკერილი, “ფაქტურა - სტროჩკა” არეული და არათანამიმდევრული … მოდის კვირეულებს კი, ძირითადათ ქართული ბომონდის (ამდაგვარი მოვლენა თბილისში არსებობს), “შინშილებისა” და “სობოლების” გამომზეურების კიდევ ერთი შანსია …სტილის რა მოგახსენოთ, როცა ის ხალხი რომელიც ამ მოდის კვირეულების პუბლიკას წარმოადგენს ძირითადათ ერთნაირი მაკიაჟით, ერთნაირი ვარცხნილობებითა და ერთი სტილის ბეწვეულით იწონებს თავს … თუმცა ესეც ერთგვარი სახეობის მოდაა … ბეწვულით მეთქი იმიტომ ვწერ რომ, მათ ჩაცმულობაში ბეწვეულის სიუხვის გამო  რთულია რაიმე სხვა დეტალის შენიშვნა … 

თბილისურ მოდის კვირეულებს, აუცილებლად ვი აი პი, “პირველი სასმელი უფასოა” წვეულებები ახლავს ხოლმე თან, რის შედეგადაც თბილისის ახალგაზრდა თაობაც ძალაუნებურად ერთვება მოდის კვირეულში … და მოდელები რა თქმა უნდა მათი თანმხლები დიდი შავი მანქანების მფლობელ მეგობრებთან ერთად … მოკლედ, ამ მრავალფეროვან მოვლენებსა და პუბლიკას, შეიძლება სახალისო ელფერიც კი აქვს თბილისის ერთფეროვანი დღეების ფონზე, თუმცა მოდის კვირეულის დანიშნულება სადღაც ამ ღონისძიებებსა და პუბლიკას შორის იკარგება … ვინ არიან ის ბაიერები რომლებიც ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ კოლექციებს ყიდულობენ? ან კრიტიკოსები რომლებიც აფასებენ და “სიტყვას აწევენ” იგივე ქართველ დიზაინერებს … რა კრიტერიუმებით ირჩევა კოლექციები კვირეულისთვის? რატომ არ არის კონტროლი კოლექციის შესრულების ხარისხზე და რატომ ვერ გვაცილებენ თავიდან პლაგიატს?
ამდენი შეკითხვების ფონზე, იმ აზრამდე მივდივარ რომ მოდის კვირეული თბილისში, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, სპონტანურად, დაუგეგმავად, და ალბათ ამიტომაც, ცალ ცალკე ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად შეიქმნა … რის შედეგადაც, იმის ნაცვლად რომ მოდის კვირეული ხარისხიანი კოლექციების და კრეატიული იდეების პუბლიკამდე მიტანის საშუალება და დიზაინერებისთვის კომერციული წარმატების საფუძველი ყოფილიყო, რატომღაც ერთმანნეთან შეჯიბრის და კონკურენციის მიზეზი და საშუალება გახდა …

ქორწინების საიდუმლო vs. დეფილეს ხელოვნება

ქორწინება ძალიან საინტერესო ინსტიტუტია - ის ქალიშვილობის ინსტიტუტს ანაცვლებს ჩვენ ქვეყანაში. რომ არა ქორწინება არც ამდენი სამოდელო სააგენტო იარსებებდა. კარგად გათხოვების მსურველების დიდმა ნაწილმა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დერეფნებიდან და ბაღებიდან სამოდელო სააგენტოებში გადაინაცვლეს. ამას რამდენიმე უპირატესობა აქვს - უფრო იაფი ჯდება, არც მინიმუმ 4 წელი უნდა იჯდე ლექციებზე, ათასი სისულელითაც არ უნდა გამოიტენო თავი, მაშინ როდესაც მხოლოდ იმის ცოდნა მოგეთხოვება თუ როგორ ჩაეწერო წარმატებულად გათხოვილთა და საზრიანთა კლუბში. ეს ხომ ავტომატურად გულისხმობს, რომ რომელიმე ბუტიკის ან ბუტიკ-კაფის მფლობელი აუცილებლად იქნები. მერე რა გასაკვირია, თუ შენი ბუტიკის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ჩვენებაზე გამოსულ მოდელებს ტაქსის ფულს აკმარებ - მათაც ხომ უნდა გამოიარონ ეკლიანი გზა პოდიუმიდან ბუტიკამდე.

ამასწინათ ეკა ხოფერიას ”აუდიტორიას” ვუყურე. ამ გადაცემაში მოდის ფოტოგრაფმა (და ამ შემთხვევაში სამოდელო სააგენტო ”ამსას” წარმომადგენელმა) გრეგორი რეჯინიმ აღიარა, რომ სამოდელო ბიზნესის მტერი უდროოდ გათხოვებააო. მე მესმის ჯიჯის. მას ხომ სამი წამყვანი მოდელი გაუთხოვდა.

ყველაზე წარმატებულად რაღა თქმა უნდა ანუკი არეშიძე გათხოვდა, როდესაც პარიზისა და მილანის სააგენტოების კონტრაქტი ფეხბურთელის, ინვესტორისა და რესტორნის მეპატრონის კახი კალაძის თანამეცხედრეობაში გადაცვალა (იმ ხანად კახის ჯერ არ ჰქონდა იტალიასთან თამაშისას საკუთარი ქვეყნის ნაკრების კარში 2 ავტოგოლი გატანილი). ასეთი სახელოვანი სახლობის რეკორდი ვერავინ მოხსნა. ანუკი სავარაუდოდ მაინც დარჩება მოდის ინდუსტრიაში სხვა ამპლუაში.

ჯიჯის შემდეგი აღმოჩენის, ირინკა ჩხენკელის ბედი ნაკლებად შესაშურად დაგვირგვინდა. თუ არ ვცდები ის ერთ ჩვეულებრივ საშუალოსტატისტიკურ ტიპს გაყვა ცოლად და ამით წერტილი დაუსვა ჯერ არგაპიკებულ კარიერასაც. ნუ, ალბათ უყვარდა და ამაში დასარწმუნებლად აინტერესებდა სამოდელო კარიერაზე უარის თქმას თუ შეძლებდა. არადა რა კარგი იყო ირინკა ამარტაში გაშვებულ მაღაზია ”პრივეს” საიმიჯო რეკლამაში.

მესამე მოდელი - ნია გრძელიძე ჯერ გათხოვდა, შემდეგ კი გამოთხოვდა. ალბათ ამას უნდა ვუმადლოდეთ მის ჯიჯის ”ფარაჯანოვში” გამოჩენას.

”აუდიტორიაში” აგრეთვე ისხდნენ გარდასულ დღეთა დიდების ცოცხალი მოწმე მოდელები. ისინი ცდილობდნენ აეხსნათ რატომაა, რომ საქართველოდან გასული მოდელები ფეხს ვერ იკიდებენ მოდის ცენტრების პოდიუმებზე. ისინი ამბობდნენ, რომ ქართველი მაინც ქართველად რჩება პოდიუმზეც კი და ამიტომ იმდენ რამეს ვერ კადრულობენ, რასაც სლავი მოდელები, რადგან ამ უკანასკნელებს დასაკარგი მაინც არაფერი აქვთ. თუმცა, რას კადრულობდნენ სლავი მოდელები და რა ჰქონდათ დასაკარგი ქართველებს მათ არ დაუკონკრეტებიათ.

სულ ბოლოს, სცენაზე იხმეს ქართული სამოდელო ბიზნესის მომავალი სახეები, რომელთაგან ძალიან ცოტამ გამოთქვა მზაობა, რომ კარიერის გამო არაფერზე დაიხევენ უკან. ზოგი კი გულწრფელად შემებრალა, ასე გამოვიდა - ნუ აი არ გვინდა ეს მოდელობა და დროზე გვითხოვეთ ცოლადო. ალბათ მთხოვნელი არც ისე აკლიათ, თუმცა, სავარაუდოდ ეს მათ არც ბუტიკის და არც ბუტიკ-კაფის მფლობელობას არ უქადის.


აბა ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი.

Saturday, March 5, 2011

Мультфильмы - О, мода, мода.... 2/2

გამარჯობა საქართველოვ შენი

ქართულ "ფეშენ" სამყაროს მოდის ბლოგის დაბადებას ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას არამარტო პირად ცხოვრებაში.

შეგვიძლია ხმამაღლა განვაცხადოთ კი არა და გამყინავი ხმით ვიყვიროთ, რომ ამ ბლოგის შექმნა პირველი მცდელობაა ქართული მოდის სამყაროში მიმდინარე მოვლენებზე სრული სიმართლე მოგითხროთ. ჩვენ ბლოგპოსტებში ვერ შეხვდებით ისეთ ორაზროვან შეფასებებს, რომელსაც ერთმანეთის ჩვენებებიდან გამოსული დიზაინერები არ იშურებენ ერთმანეთისთვის - ტიპა, გასაოგნებელი იყო, თამამი გადაწყვეტილებაა და ა.შ. ჩვენ მხოლოდ იმას გეტყვით, რასაც ისინი, მათი მომხმარებელი და რიგითი მაყურებელი განიცდის დეფილეს დროს და დასრულების შემდეგ.

ვეცდებით მოვიძიოთ ქართველი დიზაინერების ქმნილებათა ნამდვილი ინსპირაციები თუ პლაგიატი. მოგიყვებით რა მეთოდებით იბრძვიან საქართველოსა და თბილისის მოდის კვრიეულები "ფეისების" გადაბირებისათვის. სად და როგორ შოულობენ "ვენიუს" და სპონსორს. ჩამოყავთ თუ არა "ბაიერები" რეალურად. იმასაც გეტყვით რა ჩანაწერებს აკეთებენ მოდის კრიტიკოსები საკუთარ უბის წიგნაკში. თვალს მივადევნებთ როგორი პრესა ექნება მოდის კვირეულებს.

ბლოგის შექმნა აქტუალური გახადა იმ ფაქტმა, რომ თვეზე ნაკლები დრო დარჩა კონკურს Be Next-ის და საქართველოს მოდის კვირეულის გამართვამდე. ცოტა ხნის მერე კი თბილისის მოდის კვირეულიც გაიმართება (თუ რა თქმა უნდა ფულს იშოვნიან).

ჩვენი იდენტობა დაფარული იქნება - ბლოგის ფორმატი ითხოვს ამას. ვითანამშრომლებთ სტუმარ ავტორებთანაც.

ამ ბლოგს 1968 წელს შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმის სახელი ვუწოდეთ. ეს არის ჩვენი მოდის წარსული. რა იქნება მომავალში ამას ჩვენი ბლოგის მეშვეობით გაიგებთ.

ესეც ჩვენი ბლოგის ნათლია მულტფილმი "ო, მოდა, მოდა"