Monday, December 12, 2011

Tbilisi Fashion Week SS 2012 - ვისთვის?


მიხარია, რომ კვლავ შემიძლია მივესალმო ჩვენს ერთგულ მკითხველს. გთავაზობთ კოლექტიურ პოსტს, რომლის შექმნაში რამდენიმე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. წინასწარ გაფრთხილებთ - თუ გრძელი პოსტების კითხვა გღლით, შეგიძლიათ წინა პოსტები გადაიკითხოთ. აქ ბევრი რამე დაგროვდა და რომ არ მოგვეყოლა არ შეიძლებოდა.

ბლოგერები

მინდა სიხარულით აღვნიშნო რამდენიმე ახალი ბლოგერის გამოჩენა თბილისის მოდის კვირეულზე. ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი ბლოგერების (თაა, ფრეია) გარდა ძალიან კარგი ბლოგები აღმოვაჩინე ნატუკა ქარქაშაძესთან   (ბლოგის იუბილეს ვულოცავთ) და ანო ბანოსთან. ისინი ძირითადად მსოფლიო მოდაზე წერენ და არც ბედკრულ საქართველოს ივიწყებენ. თან ორივე ძალიან მოხდენილი და ლამაზი გოგონაა. წერენ კომპეტენტურად, აქვთ გემოვნება, კარგად არიან ინტეგრირებული მსოფლიო მოდაზე ბლოგინგის სტრიმში. 

როგორც გახსოვთ, ჩვენი ბლოგი ოდნავ განსხვავებულ დატვირთვას ატარებს. ჩვენი მიზანი ნაკლებადაა დიზაინერის კოლექციის დეტალური ლუქის გარჩევა, ტენდენციებზე, ფაქტურაზე, სილუეტზე და ა.შ. მსჯელობა. რადგან ჩვენი მიზანი არაა მსოფლიო მკითხველს გავაცნოთ „ახალგაზრდა“ „ტალანტები“ და მათ აღმოჩენასა და გაყიდვას შევუწყოთ ხელი. ჩვენ უფრო იმის ძიებაში ვართ თუ რა დგას ქართული მოდის უკან და საით მიექანება ის. Expose არის ჩვენი ძირითადი მიზანი. ამის გარეშე ხდება ის, რაც ხდება - იქმნება არასეზონური კოლექციები, იკერება პოტენციური მყიდველის ზომებზე, რომ კოლექციამ ხარჯი ამოიღოს. ეს გასაგებიცაა, ბაიერები ქართული მოდით აღარ ინტერესდებიან. შესაბამისად ჩვენი შრომა ვერასოდეს დაფასდება. იმის გამო, რომ რომელიმე კოლექციას გავაპიარებთ არც არავინ გამოგვივგზავნის პირველი რიგის მოსაწვევს, არც ჩვენებაზე არშეშვება გვემუქრება კრიტიკის გამო. ჩვენ უბრალოდ ვაკეთებთ იმას, რაც მოგვწონს და რაც ვიცით.

არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენი პათოსის მიმდევარი ბლოგერების გამოჩენა. ჯერ იყო და შაკო ნიკვამ დაწერა საქართველოს მოდის კვირეულზე (საშკა ლაჟოლის მიმართ მიკერძოებას ვერ გაექცა). მერე, ჩვენი ნიშის დაკავებას შეეცადა გიორგი სარიშვილი-ვაზოვსკისა საკუთარი ბლოგით. იგი მონდომებით ადევნებდა თვალს ყველა ჩვენებას, აკეთებდა ჩანაწერებს და იღებდა ფოტოებს. თუმცა მის ბლოგს რომ გადავხედე ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუვდა. ტექსტი და ფოტომასალა აშკარად არ მეყო. თან ემჩნევა, რომ მისი შეფასებები ძირითადად პირად შთაბეჭდილებებზეა აწყობილი და „სკანდალურ“ ინფორმაციასაც მხოლოდ საკუთარი, ძალიან ვიწრო საურთიერთობო წრეზე დაყრდნობით გვაწვდის. თანაც მიკერძოებას ვერც ის გაექცა. ეს განსაკუთრებით George JB-ს შემთხვევაში გამოჩნდა. გახსნის after-party-ზე ცოტა დააკლდათ, რომ ერთმანეთი საჯაროდ ეთრიათ თმით (ნუ ან იმით, რაც თმის ადგილზე ეგულებოდათ). ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ გიორგი შაღაშვილი გააკრიტიკა და თქვა, რომ მისი გადაბმულმკლავიანი ზედა გიორგი ქებურიასგან იყო მოპარული. გასაგებია, რომ გიორგი ქებურიას გვერდით იჯდა მთელი კვირეულის განმავლობაში და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში მეტთან ვერც ვერავისთან იპოვნის ადგილს, მაგრამ ეს ხომ არ ამართლებს იმას, რომ ინსპირაციის უფრო ღრმა წყაროებზე იფორმაცია არ გქონდეს. მოკლედ, დებიუტისთვის გაბედული იყო და იმედს ვიტოვებთ, რომ განათლდება, დაიხვეწება, პირადი შთაბეჭდილებების გარდა უტყუარ ფაქტებსაც დაეყრდნობა და ა.შ.

სტუმრები

არ იყვნენ. აი ასე, უბრალოდ არ იყვნენ. არადა ძალიან მაგარ სტუმრებს ველოდით, რომელთა ჩამოყვანაზე რა თქმა უნდა Société Anonyme-ს უნდა ეზრუნა. და იზრუნა კიდეც, უბრალოდ, კვირეულის დაწყებამდე 2 დღით ადრე დაუქენსელეს. არ ვიცი რა უნდა ყოფილიყო ამაზე მნიშვნელოვანი, რომ ფულის დაზოგვა გაემართლებინათ ორგანიზატორებს. ის კი ფაქტია, რომ სოფო ჭყონია ძალიან უხერხულ მდგომარებაში ჩააყენეს, თითქოს ის არ ეყოფოდა, რისთვისაც უნდა ეცქირა შემდგომი 4 დღის განმავლობაში. სამაგიეროდ უხვად იყვნენ „ღმერთს გეფიცები ჩემიდედაშევეცი“ ჯილაგის ძველი ბიჭები. მაინც არ მესმის, რატომ იკლავენ თავს მოდის კვირეულზე სიარულით - მოდელი გოგონები ხომ მათნაირ საქმროს არ ეძებენ. ასე რომ იყოს, მოდელობით სულაც არ შეიწუხებდნენ თავს და პირდაპირ ბირჟაზევე გათხოვდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოდის კვირეულის სტაფი ჩვენებებს ლამისაა მთელი ოჯახებით ესწრებოდნენ. კვლავ მიდიოდა საუბარი იმაზე, რომ საქართველოს მოდის კვირეული არ დამთავრებულა, როგორც პროექტი და ის კვლავაც გაგრძელდება. ეს საუბრები თითქმის ისეთივე დამღლელი ხდება, როგორც კოლექციები თვითონ კვირეულზე.  

Side events

გრატო პასაჟში შოურუმი და აქსესუარების ტრადიციად ქცეული გამოფენა ფუნქციონირებდა. მკლავს ქართული ბიჟუ არტი. სულ რამდენიმე ტანსაცმლის დიზაინერის კოლექცია ეკიდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ გოლა ყველაზე კარგად გაიყიდა. უნდა ითქვას, რომ უტა-ლევანის კოლექციის მიღმა, რომელმაც ბევრს გაუცრუა მოლოდინი პიერო ლე ფუ+ ში ამ დიზაინერული დუეტის ძალიან კარგი მაისურები შეიტანეს.

კვირეულის გახსნა ჟურნალ ამარტას სპეციალურ გამოშვებას დაეთმო. როგორც ჟურნალის გარეკანი გვამცნობდა ის თითქმის სრულად დაეთმო თბილისის მოდის წინა კვირეულის პრეზენტაციას. ფორმატის ცვლილება ძალიან მომეწონა, ის გაცილებით ფართო ფორმატზე იყო დაბეჭდილი და შედარებით თხელი იყო, რაც მისი იღლიაში ამოდებას და მოხერხებულად ტარებასაც აადვილებდა. ეს კი ჟურნალის ფორმატის შეფასების ჩემ პირად კრიტერიუმებში ძალიან მნიშვნელოვანია. შარშანდელი ნიუქამერების კოლექციები განსხვავებული ფაქტურის ქაღალდზე იყო დაბეჭდილი, რაც ძალიან კულტურულად მომეჩვენა.
კვირეულის მესამე დღეს მავნესთან კაფე რულზში კატალოგის სახელად Look Book პრეზეტაცია გაიმართა, რომელშიც თბილისისა და საქართველოს მოდის კვირეულის ლუქები იყო თავმოყრილი. კატალოგი ძირითადად მასში წარმოდგენილმა დიზაინერებმა შეიძინეს 30 ლარად. 

ამ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულმა after party-ებით გაგვანებივრა. ყოველ საღამოს იმართებოდა სხვადასხვა ადგილას. პირველი და ბოლო დღე ძალიან საინტერესო ადგილას გაიმართა, კერძოდ კაფე გალერიში, რომელიც თბილისური ბოჰემის თავშესაფრადაა მიჩნეული. ამჯერად გალერიმ გლამურს გაუხსნა კარი. 

სკანდალი

ძალიან ბევრი სკანდალი გათამაშდა კვირეულის მეორე და მესამე დღეს. ყველაზე პოპულარული მაინც ორი იყო. სოფო ჭყონიამ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა, რომ თბილისის აკადემიის ტანსაცმლის დიზაინის ფაკულტეტზე სტუდენტებს არაფერს ასწავლიანო. ამით მან მაკა ბახტაძის რისხვა დაიმსახურა, თითქოს ტყუილი ეთქვას. გარდა ამისა, თიკო სადუნიშვილმა გამოაცხადა, რომ მან ნახა ავთანდილთან კიევიდან გამოგზავნილი მესიჯი, რომლითაც უკრაინის მოდის კვირეულის ხელმძღვანელობა მას დაბრუნებას სთავაზობდა ბიჭოლას დაბლოკვის ფასადაც კი. ბიჭოლას რეაქციამაც არ დააყოვნა, კიევს დაუკავშირდა, წერილი მოაწერინა, რომ ეს სიმართლეს არ შეეფერებოდა და ომმა ფეისბუქის კედლებზე გადაინაცვლა. უცნობია, როგორ მოგვარდება ეს სიტუაცია. იმედი გვაქვს მსხვერპლით არ დასრულდება, რადგან როგორც ბოროტი ენები ამბობენ ლაკო ბუკიას სტუდიის გახსნაზე მისული ბიჭოლა ავთანდილს ეუბნებოდა ჩანგლით ვარ მოსულიო (ალბათ მოროშკინა-ფხაკაძის ფატალური შეტაკებით შთაგონებული). ისიც გაირკვა, რომ ავთანდილი კალაძეების ოჯახში რეკავს და ბიჭოლასთან თანამშრომლობის შეწყვეტას ითხოვს. ამის მიზეზად კი ამ უკანასკნელის უნიჭობას ასახელებს. ამ დროს კი ანუკი-ბიჭოლას კაბას ჯიჯი რეჯინი მერსედეს ბენცის კალენდრისთვის იღებს. 

თავად თიკო სადუნიშვილი კი ფაქტირუად არალეგალურად შეიჭრა დათუნა სულიკაშვილის ჩვენებაზე. ცნობილია, რომ თიკოს დათუნა ემდუროდა, თუმცა რამდენიმე ხნის წინ თითქოსდა შერიგდნენ. მაგრამ დათუნამ მას მერე კვლავ გაამკაცრა თიკოს მიმართ სანქციები, რაც თიკო დათუნას და შაღაშვილის ტალინში დაწყებულ დაპირისპირებაზე ალაპარაკდა. თიკოს ნებისმიერ ფასად სურდა ბექსთეიჯში შეჭრა და ამისათვის დალი ჩიტალაძე დაითანხმა კამერით და მიკროფონით შესულიყო, და მოეტყუებინა, რომ დილის გადაცემაში მოდის რუბრიკის წაყვანა დაიწყო. ქალბატონმა დალიმ კი გაიღო ეს მსხვერპლი ქართული მოდის განვითარების სახელით, მაგრამ ჩვენებამდე კულისებში ჩიტიც კი არ შეფრენილა. მიუხედავად ამ პრეისტორიისა, დათუნას შოუდან გამოსული თიკო ძალიან კმაყოფილი ჩანდა ნანახით. თუმცა შემდეგ დათუნას ფარული კამერით გადაღებული კადრები დაუჩეხა და ისე გამოიყვანა, რომ ინტერვიუს მიცემაზე დაყოლიების მცდელობა ამ სიტყვის - მიცემის მისტიურ ორაზროვნება წარმოჩენილიყო. იმასაც მოვკარით ყური, რომ ამის გამო დათუნა სასამართლოში ჩივის. რაღაც ძალიან შფოთიანი ზამთარი მოვიდა. ყველა სასამართლოში ჩივის. თუმცა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ჯობია არტილერიაში მორტყმულ ჩანგალს.  

კოლექციები

მოდით ასე მივუდგეთ ამ ამბავს -ყველამ მშვენივრად იცის ტრენდიც, ისიც, რომ პლაგიატი იმდენად უინტერესოა, რომ მის გაკეთებაზე ფიქრზეც კი აღარ ღირს დროის დახარჯვა - ინტერნეტი ყველას აქვს. ის, რომ რამაზო რომას გარდა სეზონი არავის წარმოუდგენია სულაც არ ადარდებდა ორგანზიატორებს, რომელთაც კვირეულის ბანერებზე ამაყად დაიტანეს გაზაფხული-ზაფხული. თუმცა რამაზო რომას კოლექციის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ სეზონს აცდენა ყველაზე მსუბუქი დანაშაული იყო, რაც დიზაინერებმა ამ კვირეულზე ჩაიდინეს. რბილად რომ ვთქვათ საცურაო კოსტიუმზე მოსასხამების ჩვენებისას მოდელების მკერდისთვის თვალის შევლება ზედმეტ ძალისხმევას არ მოითხოვდა. ერთმა მოდელმა დიდი გაჭირვებით გააღწია პოდიუმიდან კაბით. ჩვენებამდე პრეფორმანსი იყო - მეტალის აქსესუარებით გაფორმებული ვარცხნილობებით რამაზომ იმდენი ობჯექთი გამოფინა, რომ ბიჭოლას კოვზები აღარავის ახსოვდა. ჩვენების ბოლოს ის შორენა ბეგაშვილთან და ნანკა კალატოზიშვილთან ერთად გამოჩნდა პოდიუმზე. მეტიც, მთელი პოდიუმი დიდის ზარ-ზეიმით გამოიარა. მგონი მიაჩნია, რომ ძალიან წარმატებული ჩვენება იყო. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს უფრო მისი სამშობლოში დაბრუნების სტეიტმენტი უფრო იყო ვიდრე ჩვენება. მის შოუში დასაქმებული მოდელები ცალკე თემაა - როგოგრც ჩანს უკრაინელ ტოპებს, როგორც დაანონსებული იყო - რაღაც სხვა კრიტერიუმებით არჩევენ, ვიდრე ეს დანარჩენი კაცობრიობისთვის იყო ცნობილი (პროპორციით 110-70-130). ნუ ყოველი შემთხვევისთვის კოლექციებისგან განსხვავებით ამ გოგონებს ბაერები არ მოაკლდებოდნენ.



საერთოდ ვერ მივხვდი რისი თქმა უნდოდა თამანინის და ეთის. გეომეტრიული ვსტავკები და პიჟამოები რა მოსატანი იყო ვერავინ მიხვდა. როგორც ზემოთ აღვნიშნე შარშანდელი კოლექციის შემდგომ წარმოშობილი მოლოდინი აბსოლუტურად ვერ გაამართლა უტამ, რომელიც ამჯერად უტა ლევანის ბრენდით იყო წარმოდგენილი. უტა კარგი არტისტია, თუმცა ძალიან ეკონომიურად შეკერილი კოლექცია მოდის კვირეულზე გამოსატანად კი არა ლონდონის ბრიქლეინის მაღაზიებში ჩასაბარებლადაც ზედმეტად უბრალო აღმოჩნდა. ხო და ამდენი მცდელობის შემდეგ გადავწყვიტე „ატარეზე“ უბრალოდ არ წავსულიყავი. ეს ერთად ერთი ჩვენება იყო, რომელიც გამოვტოვე და მისდა საბედნიეროდ ვერც ვერაფერს ვიტყვი.
თამანინი
უტა
უტა

დანარჩენ კოლექციებს პირობითად ორ ნაწილად დავყოფდი - თბილისელი გოგოების და ბიჭების გაკეთებული კოლექციები. მინდა ვაღიარო, რომ ძალიან საინტერესოდ გადანაწილდნენ - თამუნა ინგოროყვა, 10ა (თეონა თავართქილაძე და იკა ბობოხიძე) და ტატუნა ნიკოლეიშვილი. ინგოროყვაზე რა გითხრათ - платя в пол და აბრეშუმი იმდენად მაღიზიანებს, რომ პალტოების ხათრითაც კი ვერ ვაპატიებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია ისეთი ფეხსაცმელი ყველაზე ცუდ კოშმარში ნახვას რომ არ უსურვებ ყველაზე მოსისხლე მტერს. 
თამუნა ინგოროყვა

10-ა

10-ა

ტატუნა ნიკოლეიშვილი
 10ა-ს ძალიან ლამაზი ნაჭრები ჰქონდა. კოლექცია ცოტა მეჰიპსტერა კიდეც, რომ არა დაღეჭილ-გადაყლაპულ-მონელებული ყველაფერი დანარჩენი. მოკლედ როგორც ინგოროყვა ისინიც თავისუფლად გაყიდიან კოლექციას. რისი თქმაც შეიძლება გამიჭირდეს ტატუნა ნიკოლეიშვილზე. თამბაქოსფერი დაწნული სვიტერებით დაიწყო და გაურკვეველი მოტივებით შთაგონებული არც თუ ისე ლამაზი დეკონსტრუქციებით დაასრულა. არ ვიცი რატომ მოუვიდა. წინა კოლექცია აშკარად უჯობდა.

ბიჭები...

დათუნა სულიკაშვილი

დათუნა სულიკაშვილი - კრისტის ბენეფისი
ასე პირობითად დავარქვი დიზაინერთა ამ ჯგუფს, რადგან ყველა მათგანს ჰქონდა რაღაც ბიჭურად საინტერესო ქალების კოლექციაში - ზოგმა განსაკუთრებული ქალურობა წარმოაჩინა (დათუნა სულიკაშვილი) ზოგმაც განსაკუთრებული და სპორტულ-ფეტიშისტური (გიორგი ამირეჯიბი, გოლა), ზოგმა იამამოტოსეული დეკონსტრუქციიდან კვლავ ძალიან ქალურ ფორმებამდე მიგვიყვანა (გიორგი შაღაშვილი), ზოგიც სრულებით გასცდა თბილისური კლიენტელის არეალს და ძალაინ არათბილისური ქალი გვანახა (გუდუ, ნიკოლა გრიოგორიანი). საბოლოო ჯამში ყველა ამ კოლექციის ხილვა ნამდვილად ღირდა. განსაკუთრებული შოუთი, დასრულებული და აქსესუარებით გაფორმებული კოლექციით  დათუნა დაემშვიდობა თბილისის მოდის კვირეულის პუბლიკას; კონცეპტუალური დატვირთვისთვის არც ამჯერად უღალატია შაღაშვილს (ტრადიციულად დამთრგუნველი მუსიკალურ-ვიზუალური თანხლებით), ამირეჯიბის კოლექცია ძალიან ხარსიხიანი და შეკრული იყო გლადიატორული აქსესუარებით; გრიგორიანის „ჩუბიკურ“ კოლექციას ბევრი ღირსება ჰქონდა, რაც ძირითადად აქსესუარებში და ტყავის დამუშავების ნამდვილ ტალანტში წარმოჩინდა; გუდუს, მიუხედავად არასრული კოლექციისა და აუხსნელი სთაილინგისა რამდენიმე ძალაინ დამამახსოვრებელი პიჯაკი და ზედა ჰქონდა, გოლას კი ბევრი ლამაზი კაბა და კარგი კატური სთაილინგი ჰქონდა catwalk-ზე, რომ აღარაფერი ვთქვათ ცოცხალ მუსიკაზე სალომე კორკოტაშვილის შესრულებით. 

გოლა  
გოლა
გიორგი ამირეჯიბი

გიორგი ამირეჯიბი
გიორგი ამირეჯიბი

გიორგი შაღაშვილი
გიორგი შაღაშვილი
ნიკოლა გრიგორიანი

ნიკოლა გრიგორიანი
ნიკოლა გრიგორიანი
გუდუ
გუდუ
გუდუ
გუდუ

საბოლოო ჯამში არ ვიცი როგორ შევაფასოთ თბილისის მოდის კვირეული, რომელიც არც სეზონში იჯდა და ვერც ბაიერებით დაიტრაბახებდა. ვიცი ის, რომ თუ რამე არ შეიცვალა ძალიან მალე ნებისმიერი მსგავსი პროექტი მოკვდება. დაიღლებიან დიზაინერები, უკვე დაიღალა პუბლიკა, ალბათ თვითონ ორგანიზატორებიც დაიღლებიან. მაინც იმედი მაქვს, რომ სულ რაღაც ბოლო ორ წელიწადში მიღებული გამოცდილება გარკვეულ როლს შეასრულებს მოდის ინდუსტრიის განვითარებაში. ისე, მოდის კვირეულები ნაკლებად სტრესულ და გასართობ საღილაო ივენთებად ყალიბდება. ეს რაღაცით საინტერესოც კია. ბოლო-ბოლო ამდენ სკანდალს დროში ასე შემჭირდოვებულად სხვაგან აბა სად მოვესწრებოდით.




Tuesday, October 18, 2011

Georgian Fashion Week Spring Summer 2012: იყო და არ იყო რა...


ოჰ, რა მძიმე ამოცანის წინაშე დამაყენეთ რომ იცოდეთ. ძალიან მეძნელება საქართველოს ბოლო მოდის კვირეულზე სერიოზულად დავწერო. ბოლო იმიტომ, რომ მაკა მეტრეველმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ გადაწყვიტა შეწყვიტოს მსოფლიო პოდიუმების მტვრის ყლაპვა და დიასახლისობას დაუბრუნდეს (ანუ ქველმოქმედებით დაკავდეს). ის კი ამბობს, რომ მის გარდა კიდევ ორი დამფუძნებელი ჰყავს კომპანიას, თუმცა მგონია, რომ იმ ორ დამფუზნებელს მაკას გარეშე რომ შეძლებოდათ ამ პროექტის განხორციელება მაკას ნამდვილად არ მიიწვევდნენ თავის რიგებში. მაკას წასვლით საქართველოს მოდის კვირეულის განაჩენი გამოტანილია. არ მგონია, რომ ის გაგრძელდეს. თუმცა, მაკა წინა ორ კვირეულზეც ამბობდა ბოლოაო, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღემდე მოვიდა. ვნახოთ...

რაც შეეხება ამ კვირეულს, აქაც იყვნენ განსაკუთრებული სტუმრები ისევ და ისევ Société Anonyme-ის წყალობით. თუმცა, ამან კვირეულს ვერაფრით უშველა და კითხვაზე „როგორ ფიქრობთ კვირეული შედგა?“ ყველა ერთხმად პასუხობდა - „კვირეული შეგვდგა“. დიახ, კვირეული და მონაწილე დიზაინერები შეგვდგნენ და სულ წიხლები გვირტყეს ძალიან მოკლე პოდიუმიდან. ჯერ იყო და გაურკვეველი გახსნა შემოგვთავაზეს სუხიშვილებით, ცუდი ყველით, მაურინა ბერიდზის მუსიკალური გაფორმებით, მოდისგან ძალიან შორს მდგარი საქორწილოდ გამოწყობილი პუბლიკით. მერე კი კლუბ Two Side-ში ვიღაცის დაბადების დღის მაგვარი წვეულება მოაწყვეს. წვეულებამდე ხინკლის სუნი უნდა გაგევლო, რომ ჯეოსტარელი ნოდიკოსა და სალომეს სიმღერებით დამტკბარიყავი. ასეთივე სტილში გაგრძელდა უცხოელი სტუმრების ყველა დანარჩენი საღამო - ხინკალი, ხინკალი და არაფერი ხინკლის გარდა. სტუმრების ნახევარი მოწამლულ-დახოცილები ეყარნენ ნომრებში და ვინაიდან სანახავი დიდად არც არაფერი ყოფილა, ნახევარ ჩვენენბებზე მეტი არც უნახავთ. 

კოლექციებზე რა მოგახსენოთ. ძალიან ცუდი კოლექციები აჩვენეს გოგა ნიქაბაძემ და ნინო კაჭარავამ. იმდენად ცუდი, რომ ცნობილი ჟურნალისტი და რედაქტორი გოდფრი დინი ხელებს ასავსავებდა დაამთავრეთ ჩვენებაო. არაფრისმთქმელი კოლექციები აჩვენეს Salle de Mode-მა (სალომე ამანათაშვილი), ალექსანდრ არუთუნოვმა (A.K.A. საშა ლაჟოლიმ) და ფიქრია გელენიძემ. საშუალო კოლექციები აჩვენეს თეონა ელიზბარაშვილმა და ქეთი ჩხიკვაძემ. ამ უკანასკნელს სულ მინდა ვკითხო თვითონ თუ ჩაიცმევდა იმას, რასაც  აკეთებს, რადგან, როგორც წესი ძალიან გემოვნებიანი ქალბატონია. ყველაზე ნორმალური ატელიე ინფორმალის და აკა ნანიტაშვილის კოლექციები იყო. აკასთან ერთი შენიშვნა გამიჩნდა, მკვდარი ცხოველები და ლაბადები რომ მოეხსნა გაცილებით კარგი კოლექცია იქნებოდა. თანაც კასტილიდან მტრედზე გადასვლა პერფორმანსში არც ისეთი ძლიერი ეფექტის მქონეა. რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვზე, რომელიც მგონია, რომ პოდიუმზე არ უნდა დადიოდეს. ავთანდილზე რა ვთქვა აბა. კიბატონო ძალიან ხარისხიანი, ფერადი, შეკრული კოლექცია იყო, მაგრამ ცოტა მეძველმოდურა და მეკეკელკა. მე მაგ კოლექციას ლონდონში არ წავიღებდი (ასე გეგმავს). 

ცალკე აღნიშვნის ღირსია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის კუზინას - ფახრია ხალაფოვას კოლექციას, რომელსაც დავარქმევდი „ავარია ტრავესტი კლუბში“. ყველას გვახსოვს მის მიერ წინა კვირეულზე წარმოდგენილი ზიზილ-პიპილო კოლექცია. ძალიან ცუდია, რომ წელს შოურუმი არ გააკეთეს (რაღაც ალისა საოცრებების ქვეყანაში გამოფენით იყო მეორე დარბაზი დაკავებული) და ვერ მოვახერხეთ ამ ქმნილებებთან შეხება. „პაკლონზე“ გამოსული მოდელები თავადაც ვერ იკავებდნენ სიცილს, რომ აღარაფერი ვთქვათ კოლექციით ნასიამოვნები დარბაზის რეაქციებზე. 

ერთად ერთი პოზიტივი, რაც ამ ვიკს გააჩნდა იყო გოდფრი დინის ვორქშოფი, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა. ძალიან სასარგებლო რჩევები მისცა ადგილობრივ დიზაინერებს კომუნიკაციასთან და დეფილეს გამართვასთან დაკავშირებით. 

აი ასე უნიათოდ ჩაიარა საქართველოს მოდის მეოთხე და სავარაუდოდ უკანასკნელმა კვირეულმა. დიზაინერები გამაიმუნდნენ, ხალხი გაერთო, აჭარა თავისუფალია...

ზაფხული, ზღვა და ... არაფერი

ჩემო მონატრებულო მკითხველო, ვიცი, რომ უპატიებელი შეცდომა იყო ამდენ ხანს დაკარგვა. თუმცა, რა ჩემი ბრალია, რომ ქართულმა მოდამ ზაფხულში მიიძინა. სულ ერთი-ორი მინი ჩვენება გაიმართა, ზოგი ბათუმში, ზოგიც გორში და ისეთი არაფერი მომხდარა, რაზეც თქვენი დროის დახარჯვას გადავწყვეტდი. 

სხვა ჰაილათების რა მოგახსენოთ. პრემიერამდე უკვე გახმაურებულ „ქეთო და კოტეში“ თამარ კვესიტაძის ავთანდილთან გაკეთებული კოსტიუმები ვიხილეთ. სიმართლე ვთქვა სცენაზე ცოტა ქაოსი იყო და არც ქეთოს კაბამ მომხიბლა, მაგრამ აღსანიშნავი იყო თეა დარჩიას „ჯეირანის“ კოსტიუმი და თუ როგორ აითვისა ის თეამ ამ ცეკვის გენიალური შესრულებისას. გარდა ამისა, აღსანიშნავია გოლას და პეპელას ვენის მოდის კვირეულზე გამოსვლა. მათი იქ ვიზიტი კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს ორგანიზებული იყო. ადგილობრივმა ქართველმა ქალბატონმა ჩვენებების წინ შესავალი სიტყვა წარმოთქვა ფონში კი საქართველოს გერბი და სამინისტროს ლოგო ლივლივებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ვენის ვიკი განსაკუთრებული ბრწყინვალებით გამოირჩევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიზაინერები ნამდვილი ჰაილაითები აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით კი გოლა, რომელმაც წინა კოლექციიდან მორჩენილი მოდელები მთლიანად გაყიდა. 

ანუკი-ბიჭოლას გუშინ ჰქონდათ ჩვენება კიევში. როგორც დმიტრი პერეტრუტოვის გადაღებული ლუქებიდან ირკვევა კოლექცია შერეულია - ქალის და მამაკაცის. თუმცა ამაზე ალბათ ცალკე პოსტს დავწერ. ან შეიძლება საერთოდაც არ დავწერო. ვნახოთ მათთვის რომელი აჯობებს..

ჩუბიკას შვილი შეეძინა, რასაც სულით და გულით ვულოცავ. იმედი მაქვს ეს მოვლენა მის შემოქმედებაზეც პოზიტიურად და კრეატიულად იმოქმედებს. ის ახლა ძირითადად აქსესუარების კეთებითაა დაკავებული. ხოლო აგვისტოში კი გაირკვა, რომ იტალიის ვოგის ბლოგზე მისი პორტფოლიო განთავსდა. ჟურნალშიც ალბათ მალე ვიხილავთ. გარდა ამისა მასთან ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა ZOO Magazine-ში. ეს ყველაფერი კი საერთაშორისო სააგენტო Société Anonyme-ის წყალობით მოხდა. ამ დროს, ავთანდილს თავისი რუსი PR აგენტებისთვის გადახდილი ძალიან დიდი ჰონორარის მეშვეობით იგივეს გამეორება მოუნდა. ჯერ Fiasco-ში გამოჩნდა მისი მოდელის ... მმმ ... საყელო. ხოლო ფრანგულ ვოგში დაბეჭდვის იმედი ჯერ კიდევ არსებობს. 

და სანამ საქართველოს მოდის კვირეულზე გადავსულვართ იმასაც მოგიყვებით ამის პარალელურად ტალინში რა ხდებოდა. ესტონეთში საქართველოს საელჩოს და თაკო ჩხეიძის ინიციატივით (ესტონეთში საქართველოს ელჩი თაკოს ქმარია) თბილისის მოდის კვირეულზე გამომსვლელი 4 დიზაინერი, მოდელები, ჯიჯი და თაკო (P.S.-ის გადამღები ჯგუფის თანხლებით) გაემგზავრნენ. დიზაინერების სიაში ამჯერად თამუნდა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი, სიმონიკო მაჩაბელი და გიორგი შაღაშვილი მოხვდნენ. თამუნამ და დათუნამ ახალი კოლექციები აჩვენეს, სიმონიკომ სულ პირველ თბილისის მოდის კვირეულზე გამოტანილი კოლექციის ნარჩენები და შაღაშვილმაც მგონი წინა კოლექცია აჩვენეს. როგორც არ უნდა იყოს ტალინისთვის ჩვენი თანამემამულე დიზაინერები მაინც ჰაილაითები აღმოჩნდენ. 

წლევანდელ მარტში გამართული Be Next კონკურსის გამარჯვებულები გიორგი ციკოლია და ანუკა ქებურია მოსკოვში გამეგზავრნენ კოლექციების საცვენებლად. მათთან ერთად JB-საც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა არასრულწლოვნების გამო ორგანიზატორებმა მისი მოსკოვურ კონკურსზე დაშვება ვერ მოახერხეს.

Wednesday, June 15, 2011

შავი ზღვა, ზაფხული და მოდა

ამასწინათ საქართველოს პრემიერმინისტრი ნიკა გილაური ვენაში იმყოფებოდა ეკონომიკურ ფორუმზე. როგორც აღმოჩნდა, FTV-ის პრეზიდენტთან მიშელ ადამთან ხელშეკრულებას მოეწერა ხელი, რომლის მიხედვითაც აგვისტოში ბათუმი შავი ზღვის მოდელების კონკურსს უმასპინძლებს.

ეს პროცესი ცოტა მაზალო სანახავი კი არის, მაგრამ მაინც შეხედეთ რავი.


მისასალმებელია, როდესაც ქვეყნის ხელისუფლება ფეშენიზაციას უწყობს ხელს (აკი ვწერდი ხელისუფლების ყველა შტო ჩართულია ფეშენ შეჯიბრებაშითქო). თუმცა კარგი იქნებოდა ხარისხსაც თუ მივაქცევთ ყურადღებას.

აი მაგალითად ეს წინა წლის იგივე კონკურსია. იმედი მაქვს ასეთ გოიმობას არ გვიმზადებენ :)


FTV-ს საქართველოში თავისი ისტორია აქვს. 2005-ში რუსთაველის გამზირზე ამ ტელევიზიის ბრენდით კლუბი გაიხსნა, რომელმაც პრაქტიკულად პირველად მოუყარა თავი თემატურ ფეშენ ტუსოვკას მუდმივ ადგილას. სოფო ჭყონიამ მაშინ მცდელობა არ დააკლო, ბევრი ფული გადაიხადა ბრენდში, ბევრი დიჯეიც ჩამოიყვანა, ბევრი ივენთითაც გვახალისა, მაგრამ რად გინდა. არ იყო საქართველო ამისთანა ეშენიზაციისთვის და როგორც ყველა სხვა ადგილმა ამ კლუბმაც უმალვე დაკარგა პეწი. საბოლოო ჯამში კი დიხურა.

შემდეგ რამდენჯერმე ვიხილეთ სამაზვანეცი ჟურნალისტები მიკროფონებზე ცუდად დაკოპირებული ლოგოებით, რომლებიც ირწმუნებოდნენ FTV-ის ოფიციალურ ტუსოვკაზე ვიმყოფებოდით. მაგალითად დიმა ჩხეიძემ (არის ასეთი მოვლენა ქართულ ენთერთეინმენტში) ბაკურ ბაკურაძის ჩვენება სწორედ ამ პათოსით გამართა. არადა ერთ-ერთ პოლიგრაფიულ მაღაზიაში ჩემი თვალით ვნახე როგორ ამზადებდნენ მიკროფონის სტიკერებს.

მოკლედ რომ ვთქვათ  - Georgia loves Fashion TV

Wednesday, May 25, 2011

Tbilisi Fashion Week FW 2011-2012?

ძალიან მეზარებოდა ამ პოსტის დაწერა, რადგან კვირეულმა ზოგადად უღიმღამოდ ჩაიარა. ფოტოებსაც მოგვიანებით დავდებ...

სათაურში კითხვის ნიშანი შემთხვევით არ გამომიყენებია. უნდა შევთანხმდეთ: როდესაც საქართველოში გამართულ მოდის კვირეულებზე ვწერთ უნდა დავივიწყოთ სეზონი, ბაიერები, შოურუმები და რავიცი კიდევ ყველაფერი სხვა რომლის გარეშეც მოდის კვირეულზე საუბარი არასერიოზული თემაა.




მოკლედ, გამოიკვეთა შემდეგი ტენდენცია - როდესაც წერ, რომ სეზონიდან ამოვარდნილია და მიანიშნებ ხარვეზებზე დიდის შეცხადებით გეუბნებიან - რა ვქნათ ბატონო სხვა გზა არ გვაქვს რა გვექნაო. მე ვუპასუხებდი, რომ არ უნდა გააკეთოთ ასეთი ჩვენებები. არც დიზაინერს აძლევს რამეს, არც ქართული მოდის პიარად გამოდგება ეს ამბავი და მითუმეტეს ვერც მსოფლიო მოდის განვითარებას შემატებს რამეს.

ასეთი კოლექციები სამწუხაროდ ჭარბობდა თბილისის მოდის კვირეულზე. კოლექციებამდე კი გახსნას და ვენიუს შევეხები. ჩემი აზრით მოდის კვირეულისა და სასტუმროს იუბილეს ერთად გამართვა დაუშვებელია რადგან: 1. პუბლიკა არეულია და ვინ რისთვის მოდის არ იცის; 2. წარმოდგენილი სანახაობა შესაბამის შთაბეჭდილებას ვერ ახდენს, რადგან ადუიტორიაა არეული; 3. თემების აღრევა თანაბრად აზარალებს როგორც მოდის კვირეულს, ასევე სასტუმროსაც.

ასე განსაჯეთ და 3 მაისს, გახსნის დღეს, ძალიან ჭრელი საზოგადოება შეიკრიბა შერატონში. ორი შოუ, რომელიც იმ დღით გაიმართა სწორედ ის შემთხვევა იყო, რაც ზემოთ ვახსენე - რატომ გააკეთეს ნეტავ. სიმონიკოს რამდენიმე კოსტიუმს შემდეგაც დიდხანს ვუტრიალე და ვერაფრით მივხვდი ან სად იყო იქ შერატონის ბრენდ იდენტობა, ან კუტური. ატელია 10ა-ს ჩვენება ჩვეულებრივი ღადაობა იყო. რა ადგილას ეძღვნებოდა შერატონის 20 წლის იუბილეს ვერც მაგას მივხვდი. არაფრით გამორჩეული უსილუეტო კაბები, ესპადრელები, გაურკვეველი მესიჯი. თვით დიზაინერებიც არეულ მესიჯებს აგზავნიდნენ ინტერვიუების დროს. ყველაფერი კი 10ა-სგან ნამდვილი "კრეატივის ზეიმით" დასრულდა, როდესაც სტუმრებს მოსაწვევებში დიზაიენრული დუოს მიერ შექმნილი ცხვირსახოცები დაგივირგეს - შეიფონზე დაბეჭდილი ავლაბრის დაღმართის ძალიან ცნობილი ძველი ფოტო, შერატონის და 10ა-ს ლოგოები. ძალიან კრეატიული იყო, ძალიან  :-)

სამაგიეროდ შერატონის მიერ უხვად გამასპონძლებამ თავისი შედეგი გამოიღო და გვიანობამდე ყველამ მშვენივრად მოილხინა აუზთან გამართულ წვეულებაზე. ბროლის კანდელაბრები, ეკლექტური ავეჯი და უამრავი სტუმარი კარგ გარემოს ქმნიდა. სამწუხაროდ, ეს გამონაკლისი აღმოჩნდა კვირეულის სხვა, უსახურ წვეულებებს შორის. ამ საღამოს ხალხმა სულ დაკარგა საკუთარი თავის ფლობის უნარი - ესეც მაგალითი:



ვენიუც ცუდად იყო შერჩეული: ფოიეში ხალხი არ ჩანდა და მოდის კვირეულის გარემოც დაკარგული იყო. არ იყო ლაუნჯი, სადაც საათიანი ლოდინით დაღლილი ადამიანი ჩამოჯდებოდა და იფუსფუსებდა. უბრალოდ დასაჯდომი ადგილის დეფიციტი იყო. კარავი კარვად დარჩეს, მაგრამ ბალრუმმა ვერ გაქაჩა. მისი პარამეტრების გამო პოდიუმის მხოლოდ შუა ნაწილი ნათდებოდა. თუმცა ვიდეო პროექციები კარგ ფონს ქმნიდა.

დღის ბოლოსკენ ხალხი ნელ-ნელა აკლდებოდა ჩვენებებს და ბოლო ჩვენებები ნახევრად ცარიელ დარბაზებში იმართებოდა.

რაც შეეხება კოლექციებს. გონების დაძაბვაა საჭირო, რომ გაიხსენო რომელი კოლექციები დაგამახსოვრდა. თან ამ შემთხვევაში დამახსოვრება სულაც არ ნიშნავს მოწონებას.

დავიწყოთ შარშანდელი კონკურსანტი დიზაინერებით: თამარა ბოჩიკაშვილი და გიორგი ქებურია. წინა კვირეულზე მათ პირველი პრიზი გაინაწილეს და ამ კვირეულის ფარგლებში კოლექციები წარმოადგინეს. ბოჩიკაშვილმა სტერეო დიზაინი წარმოადგინა და ამის აღსაქმელად სპეციალური სტერეო სათვალეებიც დაურიგა მაყურებელს. გეომეტრიულ კოლექციაში ამ ნახატების მეტი გამორჩეული არც არაფერი იყო (რა თქმა უნდა გარდა იმპროვიზირებული კალოშებისა). ჩვენების შემდეგ, მესვეურები გამალებით აგროვებდნენ სათვალეებს.

გიორგი ქებურიას ჩვენება სრული ფეილი იყო. ფერთა გამა გაურკვეველი, მოდელების არქიტექტურა არეული, კოლექცია შეუკრავი, ფაქტურები გაუგებარი (ორგანზა, ელვა და ა.შ.). ბოლო მოდელი - კენტავრი - საერთოდ ვერ გავიგეთ და სესვლისას დაიშალა კიდეც.

ბოჩიკაშვილს ატელიე ექსპერიმენტისთვისაც ჰქონდა კოლექცია შექმნილი. ორიგამით ინსპირირებული კოლექცია ცუდად იყო შეკერილი. გეტრებს არაუშავდა.

კიდევ ბევრი სხვა კოლექცია ვერ გავიგე, მაგ. მანანა ანთელიძის. ნუ ეგ იქეთ იყოს. ვერც ის გავიგე (მცირე დეტალების გარდა) რით განსხვავდებოდა გიორგი შაღაშვილის ეს კოლექცია წინა ორისგან.

ასე თუ ისე საინტერესო იყო მოსკოველი ანა მიმინოშვილის კოლექცია. ბეჟი, თამბაქოსფერი, ბალოტნის და ლურჯის აქცენტი. იმ იშვიათი კოლექციების რიცხვში შევიდა, რომლებმაც ქართველი მოდელები უქუსლოდ სიარულისთვის არ გაწირეს.

ერთად-ერთი დიზაინერი, რომელმაც ამ სეზონზე ორივე კვირეულზე წარმოადგინა კოლექცია იყო დათუნა სულიკაშვილი. ამჯერად მან მაყურებელი თბილისის აეროპორტის ვაგზალზე ჩაიყვანა კოლექციის სანახავად. ძალიან შთამბეჭდავად მოადგა პოდიუმს მატარებელი, რომელიც მის სახელს ატარებდა. ვაგონები ბექსთეიჯის როლს ასრულებდა. ძალიან, ძალიან ციოდა და დიდი ხნის ლოდინიც მოუწია პუბლიკას. ფერთა გამით რადიკალურად განსხვავდებოდა წინა ჩვენებისგან. ჩვენება ნორმალურად განვითარდა თუ არ ჩავთვილთ იმ ფაქტს, რომ შარშან გამოყენებული მძივებით ნაქსოვი დეტალები კვლავ იყო გამოყენებული, მითუმეტეს, რომ მისი ავტორი მსგავსი ტექნიკით შესრულებული ნამუშევრებით დამოუკიდებლად წარსდგა BE NEXT-ზე. ამ სერიიდან ერთი პიჯაკი იყო ყველაზე ლამაზი, რომელსაც საყელო ძალიან წმინდად ნაქსოვი მძივით ქონდა გაფორმებული. მოთეთრო კომბინიზონებიც ცუდი არ იყო. ფეერვერკი ნამდვილად ზედმეტი იყო.

ფინალური დეფილეს უფლება რა თქმა უნდა თამუნა ინგოროყვამ დაიტოვა. ამჯერად წინანდლის მარნის დარბაზები გამოიყენეს. დიზაინერმა პრიდაპირ თქვა, რომ სეზონს არ აკეთებდა და გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია წარმოადგინა. ყვავილები, თევზის ფარფლები და მსუბუქი ფერები და ქსოვილები. მოკლედ, როგორც ყოველთვის ხარისხიანი და ლამაზი კოლექცია იყო. თუმცა, არ ვიცი რამდენად ღირდა ამხელა სამზადისად. ისეთი ექსკლუზიურობის ღრუბელში შეფუთეს ეს მოვლენა, რომ ბოლოს ფრონტ როუ ნახევრად ცარიელი დარჩათ. თან ისიც ვერავინ შენიშნა, რომ მუზეუმში ამ დროს პიეტ მონდრიანის გამოფენა იყო, რომლის პატერნები დღემდე ისნპირაციის წყაროა ბევრი დიზაინერისთვის. სამაგიეროდ კარგი ფურშეტი კი იყო.
 

კვირას, 8 მაისს თბილისის მოდის კვირეული მოდელების კონკურსით დასრულდა, რომელშვიც დალი ჩიტალაძის ძმიშვილმა აგრეთვე დალი ჩიტალაძემ გაიმარჯვა, მგონი დამსახურებულადაც. ზოგადად კონკურსი კი ის შემთხვევა იყო, როდესაც შეუიარაღებელი თვალით ვიხილეთ რა დგას ქართველი დიზაინერების ქმნილებების უკან - ცელულიტიანი სხეული!

სხვა რა - არც არაფერი, აქსესუარები იყო ფოიეში, ზოგი კარგი, ზოგიც ისე რა. შუზოფრენიის ფეხსაცმელი იყო საინტერესო (საიდუმლო ჯიბეებით) და შოურუმი ბოლო დღეს გააკეთეს პიანო ბარში.

ჭირი იქა, ლხინი აქა...

Tuesday, May 17, 2011

Parapluie თუ Parasol?

მოკლედ, ეს ოთხი პოსტიდან მეორეა, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მინდა გავაკეთო. გპირდებით, რომ შემდეგი ორი უფრო ახლოს იქნება მოდასთან. თუმცა, არც ეს პოსტია ძალიან შორს ამ თემიდან.

Parapluie თუ Parasol? ერთი წვიმისგან გვიცავს, მეორე - მზის სხივებისგან. უკვე აღარ ვიცი თბილისში რომელი უფრო გამოსადეგარია, მაგრამ ფაქტია, რომ ორივე შემთხვევაში ქოლგასთან გვაქვს საქმე. ”ქოლგა” ის ფოტოკონკურსია, რომელიც აგერ უკვე რამდენიმე წელია ფოტოხელოვნების პოპულარიზაციას ახდენს. მინდა აღვნიშნო, რომ კონკურსზე წარმოდგენილი ნამუშევრების ხარისხიც და რიცხვიც თანდათან თვალშისაცემად იზრდება. ისიც მინდა დავამატო, რომ გამოფენა, რომელიც 9 მაისს ”თბილისი ცენტრალში” გაიხსნა ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. ყველა ფოტო ლაითბოქსებში იყო წარმოდგენილი, ძალიან ბევრი დამთვალიერები ჰყავდა და კარგი მუსიკალური თანხლებაც ჰქონდა.

ბევრ წერას არ ვაპირებ, უბრალოდ რამდენიმე ფოტოს შემოგთავაზებთ, რომლებიც მგონია, რომ მოდას პირდაპირ თუ ირიბად ეხება.

მაკა კუკულავა Devil wears Prada

რომან ფირცხალავა

ნიკოლოზ ფხალაძე
მარსელ კამპსი

თომას მორში

ეკატერინე მამამთავრიშვილი

ანა იაისლე

იან ქარვერი - თალიბური მოდა

მარკუს დიფანბახერი ”მე მხოლოდ თამაში მინდოდა” - რაიხის მოდა :-)

ანა გუგუტიშვილი

ნიკოლოზ მამეიშვილი - ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი

მარიამ სიინავა