Tuesday, October 18, 2011

Georgian Fashion Week Spring Summer 2012: იყო და არ იყო რა...


ოჰ, რა მძიმე ამოცანის წინაშე დამაყენეთ რომ იცოდეთ. ძალიან მეძნელება საქართველოს ბოლო მოდის კვირეულზე სერიოზულად დავწერო. ბოლო იმიტომ, რომ მაკა მეტრეველმა გაზეთ „პრაიმ-ტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში უკვე განაცხადა, რომ გადაწყვიტა შეწყვიტოს მსოფლიო პოდიუმების მტვრის ყლაპვა და დიასახლისობას დაუბრუნდეს (ანუ ქველმოქმედებით დაკავდეს). ის კი ამბობს, რომ მის გარდა კიდევ ორი დამფუძნებელი ჰყავს კომპანიას, თუმცა მგონია, რომ იმ ორ დამფუზნებელს მაკას გარეშე რომ შეძლებოდათ ამ პროექტის განხორციელება მაკას ნამდვილად არ მიიწვევდნენ თავის რიგებში. მაკას წასვლით საქართველოს მოდის კვირეულის განაჩენი გამოტანილია. არ მგონია, რომ ის გაგრძელდეს. თუმცა, მაკა წინა ორ კვირეულზეც ამბობდა ბოლოაო, მაგრამ ისე მოხდა, რომ დღემდე მოვიდა. ვნახოთ...

რაც შეეხება ამ კვირეულს, აქაც იყვნენ განსაკუთრებული სტუმრები ისევ და ისევ Société Anonyme-ის წყალობით. თუმცა, ამან კვირეულს ვერაფრით უშველა და კითხვაზე „როგორ ფიქრობთ კვირეული შედგა?“ ყველა ერთხმად პასუხობდა - „კვირეული შეგვდგა“. დიახ, კვირეული და მონაწილე დიზაინერები შეგვდგნენ და სულ წიხლები გვირტყეს ძალიან მოკლე პოდიუმიდან. ჯერ იყო და გაურკვეველი გახსნა შემოგვთავაზეს სუხიშვილებით, ცუდი ყველით, მაურინა ბერიდზის მუსიკალური გაფორმებით, მოდისგან ძალიან შორს მდგარი საქორწილოდ გამოწყობილი პუბლიკით. მერე კი კლუბ Two Side-ში ვიღაცის დაბადების დღის მაგვარი წვეულება მოაწყვეს. წვეულებამდე ხინკლის სუნი უნდა გაგევლო, რომ ჯეოსტარელი ნოდიკოსა და სალომეს სიმღერებით დამტკბარიყავი. ასეთივე სტილში გაგრძელდა უცხოელი სტუმრების ყველა დანარჩენი საღამო - ხინკალი, ხინკალი და არაფერი ხინკლის გარდა. სტუმრების ნახევარი მოწამლულ-დახოცილები ეყარნენ ნომრებში და ვინაიდან სანახავი დიდად არც არაფერი ყოფილა, ნახევარ ჩვენენბებზე მეტი არც უნახავთ. 

კოლექციებზე რა მოგახსენოთ. ძალიან ცუდი კოლექციები აჩვენეს გოგა ნიქაბაძემ და ნინო კაჭარავამ. იმდენად ცუდი, რომ ცნობილი ჟურნალისტი და რედაქტორი გოდფრი დინი ხელებს ასავსავებდა დაამთავრეთ ჩვენებაო. არაფრისმთქმელი კოლექციები აჩვენეს Salle de Mode-მა (სალომე ამანათაშვილი), ალექსანდრ არუთუნოვმა (A.K.A. საშა ლაჟოლიმ) და ფიქრია გელენიძემ. საშუალო კოლექციები აჩვენეს თეონა ელიზბარაშვილმა და ქეთი ჩხიკვაძემ. ამ უკანასკნელს სულ მინდა ვკითხო თვითონ თუ ჩაიცმევდა იმას, რასაც  აკეთებს, რადგან, როგორც წესი ძალიან გემოვნებიანი ქალბატონია. ყველაზე ნორმალური ატელიე ინფორმალის და აკა ნანიტაშვილის კოლექციები იყო. აკასთან ერთი შენიშვნა გამიჩნდა, მკვდარი ცხოველები და ლაბადები რომ მოეხსნა გაცილებით კარგი კოლექცია იქნებოდა. თანაც კასტილიდან მტრედზე გადასვლა პერფორმანსში არც ისეთი ძლიერი ეფექტის მქონეა. რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვზე, რომელიც მგონია, რომ პოდიუმზე არ უნდა დადიოდეს. ავთანდილზე რა ვთქვა აბა. კიბატონო ძალიან ხარისხიანი, ფერადი, შეკრული კოლექცია იყო, მაგრამ ცოტა მეძველმოდურა და მეკეკელკა. მე მაგ კოლექციას ლონდონში არ წავიღებდი (ასე გეგმავს). 

ცალკე აღნიშვნის ღირსია, აზერბაიჯანის პრეზიდენტის კუზინას - ფახრია ხალაფოვას კოლექციას, რომელსაც დავარქმევდი „ავარია ტრავესტი კლუბში“. ყველას გვახსოვს მის მიერ წინა კვირეულზე წარმოდგენილი ზიზილ-პიპილო კოლექცია. ძალიან ცუდია, რომ წელს შოურუმი არ გააკეთეს (რაღაც ალისა საოცრებების ქვეყანაში გამოფენით იყო მეორე დარბაზი დაკავებული) და ვერ მოვახერხეთ ამ ქმნილებებთან შეხება. „პაკლონზე“ გამოსული მოდელები თავადაც ვერ იკავებდნენ სიცილს, რომ აღარაფერი ვთქვათ კოლექციით ნასიამოვნები დარბაზის რეაქციებზე. 

ერთად ერთი პოზიტივი, რაც ამ ვიკს გააჩნდა იყო გოდფრი დინის ვორქშოფი, რომელიც სიმონ ჯანაშიას სახელმწიფო მუზეუმის აუდიტორიაში გაიმართა. ძალიან სასარგებლო რჩევები მისცა ადგილობრივ დიზაინერებს კომუნიკაციასთან და დეფილეს გამართვასთან დაკავშირებით. 

აი ასე უნიათოდ ჩაიარა საქართველოს მოდის მეოთხე და სავარაუდოდ უკანასკნელმა კვირეულმა. დიზაინერები გამაიმუნდნენ, ხალხი გაერთო, აჭარა თავისუფალია...

ზაფხული, ზღვა და ... არაფერი

ჩემო მონატრებულო მკითხველო, ვიცი, რომ უპატიებელი შეცდომა იყო ამდენ ხანს დაკარგვა. თუმცა, რა ჩემი ბრალია, რომ ქართულმა მოდამ ზაფხულში მიიძინა. სულ ერთი-ორი მინი ჩვენება გაიმართა, ზოგი ბათუმში, ზოგიც გორში და ისეთი არაფერი მომხდარა, რაზეც თქვენი დროის დახარჯვას გადავწყვეტდი. 

სხვა ჰაილათების რა მოგახსენოთ. პრემიერამდე უკვე გახმაურებულ „ქეთო და კოტეში“ თამარ კვესიტაძის ავთანდილთან გაკეთებული კოსტიუმები ვიხილეთ. სიმართლე ვთქვა სცენაზე ცოტა ქაოსი იყო და არც ქეთოს კაბამ მომხიბლა, მაგრამ აღსანიშნავი იყო თეა დარჩიას „ჯეირანის“ კოსტიუმი და თუ როგორ აითვისა ის თეამ ამ ცეკვის გენიალური შესრულებისას. გარდა ამისა, აღსანიშნავია გოლას და პეპელას ვენის მოდის კვირეულზე გამოსვლა. მათი იქ ვიზიტი კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტროს ორგანიზებული იყო. ადგილობრივმა ქართველმა ქალბატონმა ჩვენებების წინ შესავალი სიტყვა წარმოთქვა ფონში კი საქართველოს გერბი და სამინისტროს ლოგო ლივლივებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ ვენის ვიკი განსაკუთრებული ბრწყინვალებით გამოირჩევა, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ქართველი დიზაინერები ნამდვილი ჰაილაითები აღმოჩნდნენ. განსაკუთრებით კი გოლა, რომელმაც წინა კოლექციიდან მორჩენილი მოდელები მთლიანად გაყიდა. 

ანუკი-ბიჭოლას გუშინ ჰქონდათ ჩვენება კიევში. როგორც დმიტრი პერეტრუტოვის გადაღებული ლუქებიდან ირკვევა კოლექცია შერეულია - ქალის და მამაკაცის. თუმცა ამაზე ალბათ ცალკე პოსტს დავწერ. ან შეიძლება საერთოდაც არ დავწერო. ვნახოთ მათთვის რომელი აჯობებს..

ჩუბიკას შვილი შეეძინა, რასაც სულით და გულით ვულოცავ. იმედი მაქვს ეს მოვლენა მის შემოქმედებაზეც პოზიტიურად და კრეატიულად იმოქმედებს. ის ახლა ძირითადად აქსესუარების კეთებითაა დაკავებული. ხოლო აგვისტოში კი გაირკვა, რომ იტალიის ვოგის ბლოგზე მისი პორტფოლიო განთავსდა. ჟურნალშიც ალბათ მალე ვიხილავთ. გარდა ამისა მასთან ვრცელი ინტერვიუ დაიბეჭდა ZOO Magazine-ში. ეს ყველაფერი კი საერთაშორისო სააგენტო Société Anonyme-ის წყალობით მოხდა. ამ დროს, ავთანდილს თავისი რუსი PR აგენტებისთვის გადახდილი ძალიან დიდი ჰონორარის მეშვეობით იგივეს გამეორება მოუნდა. ჯერ Fiasco-ში გამოჩნდა მისი მოდელის ... მმმ ... საყელო. ხოლო ფრანგულ ვოგში დაბეჭდვის იმედი ჯერ კიდევ არსებობს. 

და სანამ საქართველოს მოდის კვირეულზე გადავსულვართ იმასაც მოგიყვებით ამის პარალელურად ტალინში რა ხდებოდა. ესტონეთში საქართველოს საელჩოს და თაკო ჩხეიძის ინიციატივით (ესტონეთში საქართველოს ელჩი თაკოს ქმარია) თბილისის მოდის კვირეულზე გამომსვლელი 4 დიზაინერი, მოდელები, ჯიჯი და თაკო (P.S.-ის გადამღები ჯგუფის თანხლებით) გაემგზავრნენ. დიზაინერების სიაში ამჯერად თამუნდა ინგოროყვა, დათუნა სულიკაშვილი, სიმონიკო მაჩაბელი და გიორგი შაღაშვილი მოხვდნენ. თამუნამ და დათუნამ ახალი კოლექციები აჩვენეს, სიმონიკომ სულ პირველ თბილისის მოდის კვირეულზე გამოტანილი კოლექციის ნარჩენები და შაღაშვილმაც მგონი წინა კოლექცია აჩვენეს. როგორც არ უნდა იყოს ტალინისთვის ჩვენი თანამემამულე დიზაინერები მაინც ჰაილაითები აღმოჩნდენ. 

წლევანდელ მარტში გამართული Be Next კონკურსის გამარჯვებულები გიორგი ციკოლია და ანუკა ქებურია მოსკოვში გამეგზავრნენ კოლექციების საცვენებლად. მათთან ერთად JB-საც უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა არასრულწლოვნების გამო ორგანიზატორებმა მისი მოსკოვურ კონკურსზე დაშვება ვერ მოახერხეს.