Monday, April 4, 2011

Georgian Fashion Week fall winter 2011-2012

გამარჯობა მკითხველო. როგორც იქნა დაგიბრუნდი და შემიძლია საქართველოს მოდის კვირეულზე დაგროვილი ინფორმაცია და შთაბეჭდილებები გაგიზიარო.

შთაბეჭდილებები




ყველაფერი 31 მარტს დაიწყო. საღამოს 9 საათზე რუსთაველის თეატრის ფოიეში ბასტიენ დე ალმეიდამ ამერიკული ვინტაჟური საღამაოს კაბები გვიჩვენა. ბასტიენს პარიზში, მონმარტრტან ახლოს პატარა „ქონსეპტ სტორი“ აქვს, სადაც ვინტაჟურ კოსტიუმებს ყიდის. გარდა ამისა ის ბლოგერია და მოდის სკოლასაც მართავს. ცნობილია, რომ ბასტიენი ბრენდების კოლექციონერი კი არა, არამედ თითოეული მისთვის საინტერესო მოდელის კოლექციონერია. ის სოფო ჭყონიამ მოიწვია თბილისში ისევე, როგორც სხვა გასნაკუთრებული სტუმრები.

ბასტიენ დე ალმეიდა (Bastien De Almeida)

ამ სტუმრებს შორის მაინც დიზაინერი, ჟურნალისტი, მოდის კრიტიკოსი დაიან პერნე გამოირჩეოდა. ძაძებში მოსილი ქალბატონი ასისტენტ კონსტანტინოსთან ერთად ჩამოვიდა თბილისში. გარდა იმისა, რომ ხინკლებს აჭმევდნენ ინტენსიურად, მან მოახერხა სხვადასხვა რამის ნახვაც. მაგალითად, ლადო გუდიაშვილის შვილიშვილმა ბაბუის ნამუშევრების კოლექცია ანახა. დიან პერნემ 2 დიზაინერის ნამუშევარი გამოარჩია. ჯერ ლაშა მდინარაძის Be Next-ის კონკურსისთვის გაკეთებული კოლექცია იხილა, შემდეგ ჩუბიკას ესტუმრა და თბილისის მოდის გასულ კვირეულზე გამოტანილი რეზინის სკულპტურები დაათვალიერა. ლაშაც და ჩუბიკაც ძალიან მოეწონა. 



ლაშა მდინარაძე და დაიან პერნე (Diane Pernet)
გარდა ქართული მოდის ლაბირინთებში გარკვევისა დაიან პერნეს, სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მისიაც ჰქონდა. კერძოდ, მან მოდაზე გაკეთებული მოკლე ფილმების ჩვენება გამართა. Shaded View on Fashion Film - ასე ქვია მის ფესტივალს. ამჯერად 16 ფილმი გვანახა. კლუბ Etage-ში შეკრებილი პუბლიკა კმაყოფილებას ყოველი ფილმის შემდეგ აპლოდისმენტებით გამოხატავდა. ერთ-ერთი ფილმი თვით პერნეს შემოქმედება იყო. ჩვენების დასასრულს დაიანმა დარბაზში მყოფთ მოუწოდა შემდეგი ფესტივალის საკონკურსო პროგრამისთვის მათაც გაეგზავნათ ნამუშევრები ივნისის ბოლომდე. ნამუშევრის ქრონომეტრაჟი ნახევრიდან ხუთ წუთამდე უნდა იყოს. მას ორჯერ დაუსვეს შეკითხვა, ერთხელ ჩუბიკამ, რომელმაც ასაკობრივ შეზღუდვაზე იკითხა და მეორედ ირმა შარიქაძემ, რომელსაც მონაწილეობის საფასური აინტერესებდა. აღმოჩნდა, რომ არც ასაკობრივი შეზღუდვაა და არც ფინანსურ შენატანს მოითხოვს მონაწილეობა. პერნემ ისიც დასძინა, რომ წელს მონაწილეობა უფასოა, თუმცა მომავალი წლიდან შესაძლოა ფასიანიც გახდეს. 



სოფო ჭყონია, დაიან პერნე, ჩუბიკა
თუ შეკითხვის ავტორების დაინტერესებით ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ ჩუბიკა და შარიქაძე საკუთარ ნამუშევრებს გააგზავნიან კონკურსზე. როგორც ჩემთვისაა ცნობილი, დაიან პერნემ ჯიჯი რეჯინის გადაღებული ვიდეოებიც ნახა, რომელიც მან Be Next-ის კონკურსანტებს დაუმზადა. ჩემთვის ისიც გახდა ცნობილი, რომ პერნეს ეს ვიდეოები მოეწონა და ჯიჯის ურჩია მონაწილეობა მიიღოს შემდეგ ფესტივალში.
სტუმრებს შორის იყვნენ სხვა ბლოგერებიც, მათ შორის ნუნცია გაროფოლო და მარსელო ჯონსი.

დეფილე

სამი დღის განმავლობაში 15 ქართველმა და 3 უცხოელმა დიზაინერმა შემოდგომა-ზამთრის 2011-2012 წლის კოლექციები აჩვენა. მარკო კორსომ სულ რაღაც 10 მოდელი ჩამოიტანა იტალიიდან. ამ კოლექციაში აღსანიშნავი იყო ფართოფარფლიანი ქუდები, რომლებიც წელამდე გრძელდებოდა და შიფონისა და ნაქსოვი შალის კომბინაციები. დანარჩენი 2 დიზაინერი მოძმე სომხეთიდან და აზერბაჯანიდან ჩამოვიდნენ. Nur-მა მეტალის მძიმე აქსესუარები აჩვენა, ხოლო მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ფახრია ხალაფოვამ - აი როგორ ვთქვა არც კი ვიცი - ისეთი რამეები ჩამოიტანა, ყველაზე ცუდ კოშმარშიც რომ არ დაგესიზმრება: ბისერით, მძივებით და სხვადასხვა ფინტიკლუშკებით გაფორმებული, უხვად დრაპირებული, ბრჭყვიალა საღამოს კაბები. შოურუმში ეს კოლექცია ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა (ვგულისხმობ იმას, რომ ხალხი მოდიოდა და კრონშტეინთან სიცილიტ იხევოდნენ). დიდხანს ვცდილობდით გაგვეგო თუ რაში დასჭირდა საქართველოს მოდის კვირეულს მისი ასეთ ფასად მონაწილეობა. მერე როგორც გაირკვა ეს ქალბატონი პრეზიდენტ ალიევის კუზინა ყოფილა. 


მარკო კორსოს ჩვენება (Marco Corso)
ქართველი დიზაინერებიდან მხოლოდ რამდენიმეს შევეხები, რადგან ყველა კოლექცია ვერც ვნახე. ზალიკო ბერგერმა მისთვის ჩვეული უხარისხობით და არაფრით გამორჩეული კოლექცია აჩვენა. გოგა ნიქაბაძის კოლექციამ ვერც ამჯერად გაამართლა მისი დებიუტისას გაჩენილი იმედები. ზენკამ და მარიმ არც თუ ისე ცუდი, ნუნცია გაროფოლოს თქმით ინოვაციური პროდუქტი წარმოადგინეს. აღსანიშნავი იყო ფეხსაცმელი და ტყავის აქსესუარები, რომლის მოზომებაზეც შოურუმში მუდმივად იდგა რიგი.


აკა ნანიტაშვილის მოდა ყავარჯნებზე
ყველაზე უღიმღამო აკა ნანიტაშვილის და ქეთი ჩხიკვაძის კოლექციები იყო. ქეთის, ჩვენების ბოლოს მოდელებმა კაბა მოარგეს, რომელიც დანარჩენ კოლექციას ერთთავად ჯობდა. 
ქეთი ჩხიკვაძე
სეზონიდან ამოვარდნილი იყო გიორგი ფანცულაიას კოლექცია. არეული იყო იაპონური და ჩინური თემა. ყველაზე დასამახსოვრებელი ფრინველის ბუმბულით გაკეთებული აპლიკაციებით გაწყობილი ქამრები იყო. 
ქრისტინე იმედაძე გიორგი ფანცულაიას ჩვენებაზე

ბექსთეიჯში ქრისტინეს გამოცვლის საშუალებას დიდხანს არ აძლევდნენ აბეზარი ჟურნალისტები


აგრეთვე ვერ დატოვა შთაბეჭდილება დავით სულიკაშვილის კოლექციამაც. მან ჩვეულებისამებრ თეატრის ელემენტების შეტანა სცადა თავის შოუში. 

დავით სულიკაშვილმა მოდელები საორკესტრე ორმოდან ამოიყვანა

თუმცა არ ვიცი ღირდა თუ არა ეს ყველაფერი დიდი დარბაზის ათვისებად, ხალხის სცენის კულისებში ნახევარი საათით დაყოვნებად და ჟურნალისტებზე ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობად, რომლებსაც დეფილეს ნახაზის გამო ფაქტიურად არსად დადგომის შესაძლებლობა არ მისცეს. კოლექციის დასაწყისი მალინისფერი უფორმო კაბებით გამოირჩეოდა. ბოლოს ნაჩვენები კომბინიზონები კი ასე მოგვაგონებდა თამუნა ინგოროყვას შარშანდელ, გაცილებით მაღალი ხარისხით შესრულებულ კოსტიუმებს. სულიკაშვილმა ჩვენება გახსნა და დახურა თამუნა ქორქიათი, რომელსაც ძალიან წარუმატებელი მაკიაჟი ჰქონდა. თმები კიდევ ცალკე თემა იყო. როდემდე უნდა იარონ გოგებმა ჩიტის ბუდესავით გაჩეცილი თმით? 



თამუნა ქორქია დავით სულიკაშვილის ჩვენებაზე
საშუალო წარმატების მქონე შოუებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ატელიე ინფორმალისა და გოლას ჩვენებები. ინფორმალს საკონკურსო თემა ჰქონდა გავრცობილი და აქაც გამოიყენეს სათვალეები, რომელიც მეც ძალიან მომეწონა. გოლას ჰქონდა ძალიან ლამაზი მალინისფერი, ლურჯი და მწვანე კოსტიუმები. თმაზე პოლიესტერის თვალშისაცემად ხელოვნური შინიონები გამოიყენა. მაკიაჟი არ მომეწონა, რადგან მოდელები სამი დღის მკვდრებს გავდნენ. გარდა ამისა, პოდიუმზე დაბნეულობა სუფევდა. ძალაინ უხერხული იყო იმის ხილვა, თუ როგორ უჩანდა ტრაკამდე რაზრეზიდან ეთო ვაშაკიძეს თეთრი პრაკლადკა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მწვანე და მალინისფერი კოსტიუმები მართლა ლამაზი და ორიგინალური იყო. 


თათუნა ნიკოლაიშვილის ჩვენება
ყველაზე მეტად სამი ჩვენება მომეწონა - თათუნა ნიკოლაიშვილის, ლაშა მდინარაძის (მატერია) და გიორგი ამირეჯიბის. მიუხედავად ასაკისა თათუნას მრავალი წლის გამოცდილება აქვს. ის ჯერ კიდევ მაკა ასათიანთან მუშაობდა. მან ძალიან დახვეწილი, სადა და ინტელექტუალური პროდუქტი წარმოადგინა. რაც შეეხება გიორგი ამირეჯიბს, ისიც თავისუფლად შეგვიძლია ვეტერანთა რიცხვს მივაკუთვნოთ. ის უკვე რამდენიმე წელია სტამბულში მოღვაწეობს და 2005 წლის ნოემბრის სემდეგ თბილისში ჩვენება არ ჰქონია. მისი ჩვენება ბოლო დეფილე იყო, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა და ყველა დიდი ინტერესით ელოდა. ყველაზე მეტად აქსესუარები მომეწონა  - ფეხსაცმელები ტრაქტორ ძირებზე და ხელთათმანებზე მიკერებული პორტმონეები (დეჟავუ :-). ლამაზი სწორი ხაზები, ბეწვის დეტალებით გაწყობილი პალტოები, ტყავის კურტკები - ეს ყველაფერი ძირითადად ნაცრისფერ ტონებში, ერია წითელიც. 

ნანკა კალატოზიშვილი გიორგი ამირეჯიბის ჩვენებაზე

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ლამაზი შოუ იყო და წარმატებულიც, ჩვენებიდან გამოსული ხალხი მინიმუმ 3 დიზაინერს მაინც ასახელბდა, ვისგანაც პლაგიატი წამოვიდა. ამბობდნენ, რომ costume national, Gucci-ს და სხვა კოლექციები მოაგონდათ სხვადასხვა პერიოდიდან. 

ლაშა მდინარაძის მოდელი ჩვენებამდე პოზირებს ტყპისცალი ღუღუნიშვილისთვის
მოდის სახლ „მატერიას“ ახალბედა დიზაინერი ლაშა მდინარაძე წარმოადგენდა. მისი შოუ ყველაზე ემოციურად მიიღო მაყურებელმა. მთელი დეფილეს განმავლობაში ისმოდა აპლოდისმენტები. ბოლო ხუთი მოდელი მან საკონკურსო კოლექციიდან ჩასვა. სწორედ ამ მოდელების ჩვენებას მოჰყვა მდგომიარე ოვაცია. მიუხედავად იმისა, რომ პლაგიატი აქაც ერია, მთლიანობაში ძალიან კარგი სანახაობა იყო. მართალია შაკო ნიკვა ამტკიცებდა, რომ ლაშამ მის კომპიუტერზე ინტერნეტში ნახა ფეხსაცმლის მოდელი, რომელიც გაიმეორა კოლექციაში, ლაშა მდინარაძე ამის დამალვას არც კი ლამობდა.


ლაშა მდინარაძის ჩვენება (ცუდი ფოტოა, მაგრამ ზემოთხსენებული ფეხსაცმელი ჩანს სამაგიეროდ)
მოდის კვირეული სასტუმრო ჰოლიდეი ინში დაიხურა პეპელას პერფორმანსით. მოდელები ფოიეში იდგნენ, როდესაც ერთერთი მოდელი თავდაყირა ჩამოწიეს მეორე სართულიდან. მოდელმა პალტო ამავე პოზაში გაიხადა და მკერდზე დასმული ზოლიდან ლურჯი სისხლი გამოუშვა. იდეა ვერავინ გაიგო, თუმცა არ მგონია პეპელას რამე განსაკუტრებული მესიჯი ჰქონდა ჩვენთვის. 
ფოტოს ცენტრში პეპელას ჩამოშვებული მოდელი

გართობა

კიდევ ერთი მხარე რატომაც მნიშვნელოვანია მოდის კვირეული ის არის, რომ ამ დროს ქალაქი ცოცხლდება. ადგილობრივ მოდის მსხვერპებს შესაძლებლობა აქვთ გარდერობის ახალი დეტალები გამოამზეურონ. მოირგონ უამრავი წარმოუდგენელი აქსესუარი და ამით გამოხატონ თავი. დაამყარონ კავშირები ჩამოსულ სტუმრებთან და თავი იგრძნონ მსოფლიო მოდის ნაწილად.

ასე მაგალითად, შაკო ნიკვამ გადაწყვიტა დაიან პერნე დაეჩრდილა და მასზე მაღალი კონსტრუქცია მოითავსა თავზე. თუმცა, არ მგონია, რომ პერნეს ამის გამო მასთან რამე განსაკუთრებული სიახლოვე ეგრძნო. გიორგი J B-აც არ დააყოვნა და თავზე ფქვილშეზელილი აზღუდით გამოცხადდა. ყველა ცდილობდა რამე დასამახსოვრებელი გაეკეთბინა. ლაშა მდინარაძე ზენკა და მარის კილტამოცმული დაიარებიდა რუსთაველის თეატრის კორიდორებში. 

შაკო ნიკვა საოცრებათა ქვეყანაში
საკლუბო პროგრამა 4 ღამეს მოიცავდა. პირველი ღამე უღიმღამო გამოდგა. კლუბ two side-ში ღამის 2 საათამდე ყველაფერი მორჩა. მეორე დღეს ბამბა რუმსში უფრო დიდი ხალხმრავლობაც იყო და მეტი მხიარულებაც. მისონი ლაუნჯშიც დიდხანს გაგრძელდა ტუსოვკა. აქ დაიან პერნე გამოსამშვიდობებლად მოვიდა. პეპელას პერფორმანსის შემდეგ კი ჰოლიდეი ინის ლაუნჯში ფანკი ჰაუსის რიტმებით გაჯერებული საღამო ფინალურ აკორდად იქცა საქართველოს მოდის მორიგ კვირეულზე. ვნახოთ გაიმართება თუ არა შემდეგი კვირეული, თუ შეიძლება, ეს მოდის კვირეული აღარ გაგრძელდეს, როგორც ამაზე ბოროტი ენები უბნობენ.

7 comments:

  1. ძალიან კარგი ბლოგი გაქვს

    პოსტიც ძალიან ინფორმატიულია)

    ნიქაბაძეს რაც შეეხება, მან ვერც ჩემი იმედები გაამართლა, თუმცა უცხოელ სტუმრებს რომ ველაპარაკე, ყველა აღნიშნავდა, რომ მოეწონათ

    და სულიკაშვილის ჩვენება მომეწონა ) იმაზე მეტად არა, ვიდრე ამირეჯიბის და ინფორმალის, მაგრამ მაინც...

    ნანიტაშვილის ლუქბუქი უფრო შთამბეჭდავი იყო, ვიდრე ჩვენება

    ReplyDelete
  2. მიყვარს ეს ბლოგი თავისი ანონიმური ავტორითურთ

    გამოჩნდი ვინ ხარ :)

    ReplyDelete
  3. ნინა და თაა დიდი მადლობა. თქვენნაირი ბლოგერებისგან დიდი პატივია ამის მოსმენა. სულიკაშვილის ჩვენება საკმაოდ ლამაზი იყო, უბრალოდ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მოსაბეზრებელია. თვალი განვითარებას მოითხოვს. მის ყველა ჩვენებაზე ვარ ნამყოფი და აი აღარ მთავრდება რა. ნანიტაშვილის ლუქბუქი მარი ნაკანის შესრულებით ხო. სამი გოგო პირქვე რომ ყრიან მაგ ფოტოზე კინარამ მარცხი მომივიდა იმდენი ვიცინე :-) მემგონის ტანსაცმელს კონსტრუქციაში ჰქონდა სერიოზული გარღვევა და საშინლად ჩანდა.

    თაა იმიტომ არ ვჩნდები, რომ არც კომპრომისებზე წასვლა მინდა და არც ინფორმაციის წყაროების დაკარგვა.

    ReplyDelete
  4. ძალიან მომეწონა ეს მიმოხვილვა. უი, ინკოგნიტო ხართ? :) ძალიან კარგია, შეინარჩუნეთ ეს პოზიცია და კვლავ ასე გულახდილად და შეულამაზებლად მოგვაწოდეთ პოსტები.

    ReplyDelete
  5. dzalian saintereso mimoxilva iko namdvilad.rac sheexeba fashion weeks vpikrob rom arcert dizainers ar gaachnia mtavari-individualizmi.kvela cdilobs ikos gansxavebuli da vitom originaluri,rasac am saocrebamde mivkavart. :)

    ReplyDelete
  6. სულიკაშვილის ჩვენება საკმაოდ ლამაზი იყო, უბრალოდ ყოველ ჯერზე ერთი და იგივე მოსაბეზრებელია.


    აი 100% – გეთანხმები რასაც ქვია
    და ისე შევჯექი ამ ბლოგზე რო მოვითხოვ ყოველდღე დაიწეროს რამე

    ქართული სივრცე თუ არ გაძლევს საშუალებას გადი ფარგლებს გარეთ

    მე პიორადად ამ ბლოგს დიდ წარმატებებს ვუწინასწარმეტყველებ და ერთ გესტპოსტს აუცილებლად დავწერ – ან იტალიამდე ან შემდეგ

    ReplyDelete
  7. თაა აუცილებლად დაგვიწერე. ქალბატონ დოდო მურს ერთი პოსტის მეტი არ დაუწერია არადა სულ მპირდება.

    არ მგონია ყოველდღე იყოს საწერი თემა. მაგრამ რა პრობლემაა. მე მაინც ქართულ მოდასთან დავრჩები. მას სჭირდება დაუფარავი კრიტიკა. უცხოეთში უჩვენოდაც არაუშავთ.

    მოკლედ ველი პოსტებს და გაძლევთ ანონიმურობის გარანტიას. თუ ვინმეს მოდის დაწუნება ან მოწონობა ისე გინდათ, რომ ვერავინ გაიგოს ამის შესახებ მაშინ ეს ბლოგი ის ადგილია, სადაც თავს გამოხატავთ სულ-სულ ბოლომდე.

    ReplyDelete