Wednesday, March 9, 2011

ნარმა მიტკალი, რა გინდა მითხარი

ალბათ ყველას ახსოვს ეს გათვლა - ნემსები, მახათები, პაპიროსის ქაღალდები და ა.შ. ჩვენი ბავშვობის ეს აბსურდული ტექსტი მშვენივრად აღწერს ანზორ თეთრაძის A.K.A. ბიჭოლას შემოქმედებას ქართულ პოდიუმზე. ბიჭოლას დიდი ბრძოლა დასჭირდა იმისათვის, რომ პირველი ჩვენება გაეკეთებინა 2009 წლის ზაფხულში. ვფიქრობ, ძალიან გაუმართლა, რადგან ამ შოუს სტაილინგი გრეგორი რეჯინიმ გააკეთა და მთელი თავისი გუნდი ჩართო დეფილეს მომზადებაში. ბიჭოლამაც ივაჟკაცა და ჩემი აზრით მის შემდგომ კოლექციებზე ბევრად უკეთესი უნისექს კოლექცია წარმადგინა. როგორი იმედისმომცემი დებიუტი იყო. მაშინ ის ჯერ არც ბრიტანეთში სწავლობდა (?) ტანსაცმლის დიაზინს (?) და არც ეპატაჟზე მონადირე თიკო სადუნიშვილის ობიექტივი არსებობდა, რომ მისი ექსცენტრულობა ჯეროვნად წარმოეჩინა. იყო მხოლოდ პოდიუმი სასტუმრო ”კრუიზის” ”გემბანზე” და ქარი, რომელიც ბუნებრივ ეფექტად იქცა თმაში ჩამაგრებული VHS-ის ფირის ასაფრიალებლად. მაგრამ, როგორც ამბობენ ”ქარის მოტანილს ქარივე წაიღებსო”. არ ვიცი რამ იმოქმედა შემოქმედზე ასე - იმან, რომ თიკა ჯამბურიას საქორწინო კაბა შეაკერინეს, რომ ანუკი არეშიძემ და კახი კალაძემ მილანის მოდის კვირეულზე დაპატიჟეს თუ იმან, რომ იბიცაზე დაისვენა განვადებით, მაგრამ ფაქტია, რომ მას მერე მისგან ეპატაჟის მეტი აღარაფერი გვიხილავს.


დიზაინერმა საქართველოს მოდის პირველ კვირეულზე მამაკაცის კოლექცია წარმოადგინა. ძალიან ეფექტური შოუც იყო და ბევრი დორბლიც ვღვარეთ მოდელ ბიჭებზე, მაგრამ, ნათქვამია, ნიუპრინისგან შეკერილი ტანსაცმლით შორს ვერ წახვალო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) და ასეც მოხდა.

შემდეგი საეტაპო ნამუშევარი ბალიშები იყო. ვერ ვიტყვით, რომ ბალიში ბიჭოლამდე არავის გაუკეთებია. ვერც იმას ვიტყვი, რომ შესრულება იყო უნაკლო, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან ბევრი აბადოკი გაყიდა და მეორე კოლექციაშიც იგივე თემა ინერციით გამოიყენა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენება ფართოდ გაშუქდა, კალაძე და არეშიძე ესწრებოდნენ და თვით თიკო სადუნიშვილმა დახურა ბალიშების მოსასხამში, ცხადი გახდა, რომ დიზაინერი კრიზისშია. ამას ისიც დაერთო, რომ გაზეთმა ”პრაიმტაიმმა” პატარა სკანდალი ამოქექა მის მიერ ქაღალდის გემების გამოყენებასთან დაკავშირებით. ბოროტი ენები ამბობდნენ, რომ მან ეს იდეა დათუნა სულიკაშვილს მოპარაო (ნეტა რა მოსაპარი იდეაც ეგ იყო :-)). დიახ დიზაინერი მართლაც კრიზისში დაიჭირეს.


ეს შთაბეჭდილება კიდევ უფრო გაღრმავდა საქართველოს მოდის შემდეგ კვირეულზე მის მიერ გამოტანილი კოლექციის ნახვისას. კოვზები! ღმერთო ჩემო. კოვზები და იაფფასიანი ტრიკოტაჟის კონსტრუქციის თავდაპირველი ჩანაფიქრის ამოუცნობი შესრულება!


ეს ის პერიოდია, როდესაც პატარა ქალაქში და მით უფრო პატარა მოდის სამყაროში  თავის ინერციით გატანა სულ უფრო ურთულდებოდა დიზაინერს. შესაბამისად,  მას შემდეგი კოლექცია დღემდე არ უჩვენებია.


ყველა ელოდა რას გააკეთებდა დიზაინერი მარტში დაგეგმილი კვირეულისთვის. თუმცა, ბოროტი ენები იმასაც ამბობენ, რომ ბიჭოლა ადგილობრივ მოდის კვირეულზე აღარ აჩვენებს კოლექციას - ის კიევისთვის ემზადებაო. ვნახოთ იქნებ ავთანდილის მსგავსად კიევში მაინც აჩვენოს რამე საინტერესო თუ აქ ვერაფერს ახერხებს. რა იქნება კიევის ჩვენების თემა ეს ჯერ არ ვიცით, მაგრამ შეიძლება მცირედი სპეკულციის მეშვეობით გამოვიცნოთ კიდეც:

ა. ნემსები
ბ. მახათები

გ. პაპიროსის ქაღალდები

No comments:

Post a Comment