Monday, March 7, 2011

ქორწინების საიდუმლო vs. დეფილეს ხელოვნება

ქორწინება ძალიან საინტერესო ინსტიტუტია - ის ქალიშვილობის ინსტიტუტს ანაცვლებს ჩვენ ქვეყანაში. რომ არა ქორწინება არც ამდენი სამოდელო სააგენტო იარსებებდა. კარგად გათხოვების მსურველების დიდმა ნაწილმა უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების დერეფნებიდან და ბაღებიდან სამოდელო სააგენტოებში გადაინაცვლეს. ამას რამდენიმე უპირატესობა აქვს - უფრო იაფი ჯდება, არც მინიმუმ 4 წელი უნდა იჯდე ლექციებზე, ათასი სისულელითაც არ უნდა გამოიტენო თავი, მაშინ როდესაც მხოლოდ იმის ცოდნა მოგეთხოვება თუ როგორ ჩაეწერო წარმატებულად გათხოვილთა და საზრიანთა კლუბში. ეს ხომ ავტომატურად გულისხმობს, რომ რომელიმე ბუტიკის ან ბუტიკ-კაფის მფლობელი აუცილებლად იქნები. მერე რა გასაკვირია, თუ შენი ბუტიკის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ ჩვენებაზე გამოსულ მოდელებს ტაქსის ფულს აკმარებ - მათაც ხომ უნდა გამოიარონ ეკლიანი გზა პოდიუმიდან ბუტიკამდე.

ამასწინათ ეკა ხოფერიას ”აუდიტორიას” ვუყურე. ამ გადაცემაში მოდის ფოტოგრაფმა (და ამ შემთხვევაში სამოდელო სააგენტო ”ამსას” წარმომადგენელმა) გრეგორი რეჯინიმ აღიარა, რომ სამოდელო ბიზნესის მტერი უდროოდ გათხოვებააო. მე მესმის ჯიჯის. მას ხომ სამი წამყვანი მოდელი გაუთხოვდა.

ყველაზე წარმატებულად რაღა თქმა უნდა ანუკი არეშიძე გათხოვდა, როდესაც პარიზისა და მილანის სააგენტოების კონტრაქტი ფეხბურთელის, ინვესტორისა და რესტორნის მეპატრონის კახი კალაძის თანამეცხედრეობაში გადაცვალა (იმ ხანად კახის ჯერ არ ჰქონდა იტალიასთან თამაშისას საკუთარი ქვეყნის ნაკრების კარში 2 ავტოგოლი გატანილი). ასეთი სახელოვანი სახლობის რეკორდი ვერავინ მოხსნა. ანუკი სავარაუდოდ მაინც დარჩება მოდის ინდუსტრიაში სხვა ამპლუაში.

ჯიჯის შემდეგი აღმოჩენის, ირინკა ჩხენკელის ბედი ნაკლებად შესაშურად დაგვირგვინდა. თუ არ ვცდები ის ერთ ჩვეულებრივ საშუალოსტატისტიკურ ტიპს გაყვა ცოლად და ამით წერტილი დაუსვა ჯერ არგაპიკებულ კარიერასაც. ნუ, ალბათ უყვარდა და ამაში დასარწმუნებლად აინტერესებდა სამოდელო კარიერაზე უარის თქმას თუ შეძლებდა. არადა რა კარგი იყო ირინკა ამარტაში გაშვებულ მაღაზია ”პრივეს” საიმიჯო რეკლამაში.

მესამე მოდელი - ნია გრძელიძე ჯერ გათხოვდა, შემდეგ კი გამოთხოვდა. ალბათ ამას უნდა ვუმადლოდეთ მის ჯიჯის ”ფარაჯანოვში” გამოჩენას.

”აუდიტორიაში” აგრეთვე ისხდნენ გარდასულ დღეთა დიდების ცოცხალი მოწმე მოდელები. ისინი ცდილობდნენ აეხსნათ რატომაა, რომ საქართველოდან გასული მოდელები ფეხს ვერ იკიდებენ მოდის ცენტრების პოდიუმებზე. ისინი ამბობდნენ, რომ ქართველი მაინც ქართველად რჩება პოდიუმზეც კი და ამიტომ იმდენ რამეს ვერ კადრულობენ, რასაც სლავი მოდელები, რადგან ამ უკანასკნელებს დასაკარგი მაინც არაფერი აქვთ. თუმცა, რას კადრულობდნენ სლავი მოდელები და რა ჰქონდათ დასაკარგი ქართველებს მათ არ დაუკონკრეტებიათ.

სულ ბოლოს, სცენაზე იხმეს ქართული სამოდელო ბიზნესის მომავალი სახეები, რომელთაგან ძალიან ცოტამ გამოთქვა მზაობა, რომ კარიერის გამო არაფერზე დაიხევენ უკან. ზოგი კი გულწრფელად შემებრალა, ასე გამოვიდა - ნუ აი არ გვინდა ეს მოდელობა და დროზე გვითხოვეთ ცოლადო. ალბათ მთხოვნელი არც ისე აკლიათ, თუმცა, სავარაუდოდ ეს მათ არც ბუტიკის და არც ბუტიკ-კაფის მფლობელობას არ უქადის.


აბა ვნახოთ ვინ იქნება შემდეგი.

2 comments:

  1. სულ ბოლოს, სცენაზე იხმეს ქართული სამოდელო ბიზნესის მომავალი სახეები,


    IXMARES - cavikitxe
    ujas :D :D :D

    ReplyDelete